ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, მოხდა უპრეცენდეტო მოვლენა, რაც ქართული ძველნაბეჭდი წიგნის დაფასების მხრივ ჯერ არასოდეს მომხდარა. ბუქარესტის ცენტრში, რუმინეთის ბოლო მეფის სასახლეში, რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში, ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინა.
საქართველოდან ჩატანილია ეროვნული ბიბლიოთეკისა და თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები, რასაც რუმინეთში დაცული ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი გამოცემებიც დაემატა. საქართველოს საელჩოს მიერ მოპოვებული და შეგროვებული „ვეფხისტყაოსნის“ რუმინული გამოცემების ფონზე, მნახველი „იხილავს“- ვახტანგ მეექვსესა და ანთიმოზ ივერიელს, უნგროვლახელ მესტამბესა და მის „ქართველ მოსწავლე მბეჭდავნს“, რუმინეთის მეფე კაროლსა და მის შვილს, რუმინეთის უკანასკნელ მეფეს – მიჰაის.