“ზურაბ ჟვანიას ფონდმა” კონკურსი „წინანდლის პრემია 2019“ გამოაცხადა. ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 30-წლამდე მეცნიერებსა და ხელოვანებს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია, თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაცია და ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა. ,,წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.
პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე აპლიკანტების განაცხადების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: tsinandlispremia@yahoo.com