ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ის ნამდვილია და ძალიან ამაღელვებელი. ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც ამერიკელმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, შვილები აეყვანა. მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს გაშვილების სააგენტოს ძებნა და ბოლოს მიიღეს შემოთავაზება, რომ საქართველოდან, რომლის შესახებაც სიდ და ანა ვაითებს გაგონილიც არ ჰქონდათ, ორი პატარა გოგონა აეყვანათ და ასეც მოიქნენ – მათი ისინი იშვილეს, ოჯახური სიყვარული და საუკეთესო განათლება არ დაიშურეს მათთვის. სიდ ვაითს ამ ისტორიის მოყოლა ემოციების გარეშე ახლაც უჭირს. როგორც თავად ამბობს, ეს იყო პირველი კავშირი ქვეყანასთან, რომელიც მისთვის მეორე სამშობლო გახდა. მართლაც ემოციური და ამაღელვებელი ისტორია მან “კვირას” უამბო.
„თხრობას 1994 წლიდან დავიწყებ. 1994 წელს მე და ჩემი მეუღლე 45 წლის შევსრულდით. ჩვენ ყოველთვის ძალიან დაკავებულები ვიყავით საქმით და გადავწყვიტეთ, რომ შვილი აგვეყვანა. გადავწყვიტეთ, ორი გოგონა გვეშვილა. რადგან უკვე ასაკში ვიყავით, გვინდოდა, რომ ბავშვები 4-5 წლის ასაკის ყოფილიყვნენ. ჩემი მეუღლე, ანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, კანადაში, რუსეთში – ყველგან ეძებდა. სააგენტო ვაშინგტონში ვიპოვეთ. პროცესი, რომელიც დავიწყეთ, საკმაოდ რთული და დროში გაწელილი აღმოჩნდა. დაახლოებით, 6 თვე მხოლოდ საბუთების შეგროვებას მოვანდომეთ. ზუსტად იმ დროს, როცა საბუთებს ვამზადებდით, გაისმა სატელეფონო ზარი. გვკითხეს – გვსურდა თუ არა ბავშვის აყვანა საქართველოდან“.
– ეს იყო თქვენი პირველი კავშირი საქართველოსთან?
– დიახ. მანამდე გაგონილიც კი არ გვქონდა საქართველოს შესახებ. ზარის შემდეგ მივიღეთ ძალიან მცირე ინფორმაციის შემცველი “მეილი”. მხოლოდ ორი პოლაროიდის ფოტო, გოგონების სახელები და ასაკი. როცა ფოტოები ვნახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ისინი ჩვენი შვილები უნდა გამხდარიყვნენ. მახსოვს, მაცივარზე მივაკარით ორივე ფოტო. იმდენად ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი, ვუყურებდით და ვფიქრობდით – ეს ბავშვები ჩვენი შვილები იყვნენ.
– ამ დროს ამერიკაში იმყოდებოდით, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?
– როცა შვილად აყვანის პროცესი დავიწყეთ, შტატებში ვიმყოფებოდით, გოგონები კი ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. პროცესი არ იყო მარტივი და ორგანიზებული. საბუთები, როგორც იქნა, გავამზადეთ და ბავშვებს ახალი დაბადების მოწმობები გავუკეთეთ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ძველი სახელებიც დაგვეტოვებინა და ახლებიც მიგვეცა, ამიტომ დავარქვით ელიზაბეტ ნანა ვაითი და რებეკა სალომე ვაითი. მალე ჩვენ, უკვე ოფიციალურად, მათი მშობლები გავხდით. დარჩა მხოლოდ ამერიკაში მათი ჩაყვანის პროცესი და შტატების საბუთების დამზადება. ამ დროს ცოტა რთული პერიოდი იყო საქართველოში და აქ ჩამოსვლა და ბავშვების პირდაპირ წაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ, შეთანხმების მიხედვით, მოსკოვში ჩავედით და გოგონებს იქ დავხვდით. პირველ დღეს, როცა უნდა ჩამოფრენილიყვნენ, ველოდით, მაგრამ არ ჩამოფრინდნენ, ძალიან შეგვეშინდა. მეორე დღეს ჩამოფრინდნენ, პირველი შთაბეჭდილებას ვერ აღვწერ, გოგონებს ჩვენ მიერ წინასწარ გაგზავნილი ტანსაცმელი ეცვათ, უკვე იცოდნენ, რომ მე მათი მამა ვიყავი და ანა – დედა.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როგორ შეგხვდნენ ბავშვები?
– ცხადად მახსოვს შეგრძნებები, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მახსოვს, როცა ჩვენკენ გამოიქცვნენ, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი შვილები იყვნენ, ამას მთელი გულით ვგრძნობდით. ჩემი მეუღლე უფრო ემოციურად აღწერს ამ ყველაფერს, მას მაშინვე დედის ინსტიქტი ჩაერთო.
რაც შეეხება გოგონებს – ელიზაბეტს არ ახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, 5 წლის იყო, თუმცა ემოციები კარგად ახსოვს. მან უნივერსიტეტში ესსეშიც ძალიან ემოციურად აღწერა პირველი შეხვედრა. ფეხსაცმელები ეცვა მანათობელი ძირებით და პირველი ინგლისური სიტყვა, რაც ისწავლა, იყო – “შუ”, ანუ ფეხსაცმელი, იმდენად ემოციური იყო მისთვის ეს საჩუქარი.
იცით, ისინი ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდებოდნენ. რებეკა მაშინვე ცოტა ფრთხილი და თავშეკავებული იყო. შორიდან გვათვალიერებდა, ფრთხილობდა, ელიზაბეტი მაშინვე გაიხსნა.
სიდი ყვება, რომ გოგონები უცხო გარემოს მარტივად შეეგუვნენ და მალევე “კალიფორნიელი გოგონები“ გახდნენ.
“წარმოიდგინეთ ორი პატარა გოგონა პატარა ქუთაისიდან უცებ 6-მილიონიან ლოს ანჯელესში აღმოჩნდა. პირველ 6 თვეს, უბრალოდ, თავისუფლება მივეცით, ძალიან ვფრთხილობდით, დისნეი ლენდშიც კი არ წავიყვანეთ, რომ მათთვის დიდი შოკი არ ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოგონება მახსენდება, მათ თავიდან თმა გადაპარსული ჰქონდათ, გრძელი თმა არასდროს ჰქონიათ. როცა ნელ-ნელა თმა ეზრდებოდათ, განსაკუთრებული ემოციები უჩნდებოდათ, როცა დარბოდნენ და ქარი თმას უფრიალებდათ და ეს ჩვენთვისაც სასიამოვნო გრძნობა იყო. გარკვეული დროის შემდეგ უკვე ჩვეულებრივი, „კალიფორნიელი გოგონები“ გახდნენ. კერძო სკოლაში შევიყვანეთ, სადაც ინგლისური მეორე ენად ისწავლებოდა და ამით გაუადვილდათ ენის სწავლა და ადაპტაცია”, – იხსენებს სიდ ვაითი.
სიდი და ანა პირველი თვეების განმავლობაში ქართულ სიტყვებსაც სწავლობდნენ, რათა შვილებთან კომუნიკაცია გამარტივებოდათ, თუმცა გოგონებმა ძალიან მალე აითვისეს ინგლისური.
– ახლა თუ საუბრობენ გოგონები ქართულად?
– სამწუხაროდ, არა, თუმცა სწავლობენ და ძალიან უადვილდებათ. ელიზაბეტი ძალიან მარტივად წერს, ბუნებრივად გამოსდის. რებეკა უფრო კარგად საუბრობს, აქცენტი აქვს უკეთესი. მათ თავიდანვე ვესაუბრებოდით საქართველოს შესახებ. როგორც კი ცოტა წამოიზარდნენ, ვუყვებოდით, საიდან იყვნენ, საქართველოს ისტორიის წიგნები გვქონდა, ფოტოები. მათი შვილად აყვანის საბუთებიც ვაჩვენეთ.
მშობლებმა გოგონების განათლებაზეც იზრუნეს. ელიზაბეტ ნანა პროფესიით სოციოლოგი და ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტია, ერთ-ერთ კურორტზე მუშაობს. რებეკა სალომემ კი პოლიტიკის მეცნიერება და სოციოლოგია შეისწავლა და ცნობილ რესტორანში მუშაობს.
– საქართველოში თქვენი პირველი სტუმრობის შესახებ გვიამბეთ…
-2016 წელს, როდესაც ორივემ დაამთავრა უნივერსიტეტი, გადავწყვიტე, გოგონებისთვის მათი სამშობლო მეჩვენებინა. რებეკამ არ მოინდომა წამოსვლა, რადგან მას თავშესაფრიდან ცუდი მოგონებები აქვს. მოკლედ, ჩამოვედით თბილისში მე და ელიზაბეტი. დავათვალიერეთ თბილისი, შესანიშნავად გვხვდებოდნენ ყველგან. გადავწყვიტეთ, გვენახა ელიზაბეტის დაბადების ადგილი. როგორც ვიცოდით, ეს იყო ზესტაფონი, ამიტომ დავიქირავეთ მანქანა, ავიღეთ რუკა და გავემართეთ დასავლეთ საქართველოსკენ. იცით, მე და ელიზაბეტი ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ორივეს მოგვწონდა დაუგეგმავი და სპონტანური მოგზაურობა. პირველად ქუთაისში მივედით. გვაინტერესებდა, ის თავშესაფარი თუ არსებობდა. რა თქმა უნდა, ტიპური ქართული სტუმართმოყვარეობით დაგვხვდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, თავშესაფარი აღარ დაგვხვდა. ქუთაისში რამდენიმე დღით დავრჩით და შემდეგ ზესტაფონში, ელიზაბეტის მშობლიურ ქალაქში წავედით. ძალიან ლამაზ საოჯახო სასტუმროში დავრჩით, მთელი დღეების მანძილზე ვსეირნობდით ქუჩებში. ელიზაბეტი ძალიან აღელვებული იყო, მოსწონდა ყველაფერი.
– გოგონების ბიოლოგიური მშობლების მოძებნა არ გიცდიათ?
ელიზაბეტმა არ მოისურვა. რომ მოესურვებინა, აუცილებლად დავეხმარებოდი. უბრალოდ, იმ ემოციებით ტკბებოდა, რასაც განიცდიდა.
– შემდეგ ბრუნდებით თბილისში და იღებთ შემოთავაზებას…
– დიახ, თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდა საინტერესო რამ იქედან გამომდინარე, რომ პროფესიით ეკონომიკური განვითარების სპეციალისტი ვარ, შემომთავაზეს გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც აქ, თბილისში ტარდებოდა. რა თქმა უნდა, მივიღე ეს შეთავაზება. დიდი პატივი იყო ჩემთვის. მეორე ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ კონფერენციას უკავშირდებოდა. ამერიკელებთან ერთად 12 დღით ჩამოვედი. მოვიარე მთელი საქართველო, სვანეთში ვიყავით, კახეთში, იმდენი ღირსშესანიშნაობა ვნახე. მას შემდეგ ნახევარ დროს აქ ვატარებ, ნახევარს – კალიფორნიაში.
სიდი ყვება, რომ ზუსტად არ შეუძლია, ახსნას, რატომ შეუყვარდა ასე საქართველო, მაგრამ კავშირი ამ ქვეყანასთან პირველი ჩამოსვლისას იგრძნო და საქართველო მისთვის უნიკალური ადგილია, რომელმაც შვილები აჩუქა.
„რატომ გადავწყვიტე ასე? ხალხი სულ მეკითხება ამას, მაგრამ პასუხი ზუსტად არ მაქვს, მაგრამ ეს ქვეყანა პირველივე ნახვით შეგვიყვარდა. ვიფიქრე, რატომაც არა. ბინის ყიდვას ვგეგმავთ ძველ თბილისში, მაგრამ გიჟურად ძვირი ფასებია. მიყვარს ქართველები, უნიკალური ქვეყანაა. მჭიდრო კავშირს ვგრძნობ საქართველოსთან. ამ ქვეყანამ შვილები მაჩუქა, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს“.
სიდ ვაითი როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის წევრია და ცდილობს, თავისი პროფესიით ჩვენი ქვეყანისთვის სასარგებლო იყოს.
“საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარი კლუბი“ წარმოადგენს საქმიანი ადამიანების საზოგადოებას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით: განათლება, დაავადებების პრევენცია, სამშვიდობო, წყლისა და სანიტარული ნორმები, ეკონომიკური განვითარება და დედა-შვილის ჯანმრთელობა”.
“ახლა რასაც აქ ვაკეთებ, დაკავშირებულია ჩემს ამერიკულ საქმიანობასთან. ამერიკის სავაჭრო პალატისა და „როტარი კლუბის“ წევრი ვარ და აქაც ვცდილობ, ჩემი პროფესიით გავაკეთო სასარგებლო საქმე. „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ წევრი ვარ და მის საქმიანობაში ვარ ჩართული. მომწონს ჩემი გადაწყვეტილება, კარგად ვგრძნობ თავს. მომწონს, რომ სტუდენტებს ვხვდები და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, გამოცდილებას ვუზიარებ.
– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?
– საქართველო ჩემი შვილების სამშობლოა. როცა აქ ჩამოვდივარ, როცა ვუყურებ აქაურებს, ჩემი შვილები მახსენდებიან. ისინი ძალიან ჰგვანან ქართველებს. როცა ქუჩაში ვსეირნობთ, ხან ინგლისურად, რუსულად, გერმანულად მესაუბრება, ელიზაბეტი კი ყოველთვის ქართველი ჰგონიათ. ის ქართველია. რებეკა კიდევ ნამდვილი მეგრელია, ჭორფლებითა და წითელი თმით, სუპერმეგრელია არა მხოლოდ ჩემთვის. ჩვენი ოჯახისთვის საქართველო მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული ადგილია. მინდა, რომ უკეთესი სიტყვები ვიპოვო, რათა აღვწერო, მაგრამ არ გამომდის, რელიგიური კავშირივითაა, სამუდამოდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული…
ესაუბრა სოფიო რატიშვილი