პარფიუმამდე
გიორგი მაჩაბელი „Prince Matchabelli Perfume Company“–ის დამფუძნებელი, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე 1885 წელს, 23 ივლისს, თბილისში დაიბადა. გიორგი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბლის ძმისშვილი იყო.
გიორგიმ თბილისის სათავადაზანაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა გერმანიაში, ბერლინის სამთო აკადემიაში განგრძო. სწავლის პროცესში ქიმიაში შეძენილმა ცოდნამ, იგი მოგვიანებით სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. სტუდენტობის დროს გიორგის ერთ-ერთი თავშესაქცევი ჰობი სუნამოების შეზავება გახდა. ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა, ეს უწყინარი გასართობი მალე მის ცხოვრებას რომ შეცვლიდა…
მისი ცხოვრება ბიზნესამდე ქარიშხლიანი თავგადასავლებით იყო სავსე. ნაციონალისტური სულისკვეთებით გამორჩეული ახალგაზრდა ბოლომდე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად დარჩა. 1914 წელს ჟენევაში შექმნილი ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ერთ–ერთი აქტიური წევრი, გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი, არაერთხელ ყოფილა რისკიანი გადაწყვეტილებების და სიკვდილის საფრთხის წინაშე. დამოუკიდებლობის წლებში ის იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე გამოდგა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მაჩაბელმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა და მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადასახლდა.
სამეფო კომპანია
გიორგი მაჩაბლის ჰობი რამდენიმე წელში მილიონიანი ბიზნესი გახდა. როდესაც საქმე წამოიწყო, ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები მზადდებოდა. გიორგი მაჩაბელმა შეავსო ეს სიცარიელე და საფუძველი ჩაუყარა ნამდვილი პარფიუმის წარმოებას.
პრინცი მაჩაბელი ყველაფრის შემოქმედი თავად იყო: თვითონ ამზადებდა, შემდეგ აფორმებდა სუნამოებს და მარკეტინგზეც თავად ზრუნავდა. სამეფო ოქროს ვარაყიანი გვირგვინი, რომელიც მაჩაბლების საგვარეულო გერბზე იყო გამოსახული, იღბლიანი აღმოჩნდა ბიზნესში. სუნამოს სიმბოლოდ იქცა და ის მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდად აქცია. სუნამოს ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დამზადებული გამჭვირვალე მინის ფლაკონით ჩაანაცვლეს. ოქროთი მოვარაყება და გაფორმება ხელით ხდებოდა. მალე მაჩაბლის გვირგვინი მთელ ამერიკას მოედო. გიორგი მაჩაბელი თავად იყო ეტიკეტების თუ საგაზეთო სარეკლამო პუბლიკაციების ავტორიც, მაგალითად ასეთის: „სუნამო „ოქროს შემოდგომა”/Golden Autumn – ეს არის გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი სუნამო, თანამედროვე ექსტრა თბილი იმბირის სურნელით. თუ მისი სახელის მსგავსად, თქვენც გსურთ იყოთ საუკეთესო, იხმარეთ ამაყად და სიამოვნებით. ის ყოველივე არაჩვეულებრივის საწინდარი იქნება. იპკურეთ რამდენიმე წვეთი მაჯებზე, იდაყვზე, ყელთან, ყურების უკან. ეს არის სუნამოს გამოყენების ყველაზე სწორი წესი, რათა სუნი კარგად იგრძნობოდეს“.
,,ამერიკაში ქალბატონებს თავზე სამეფო გვირგვინები დაადგა პრინცმა, რომელიც არის საქართველოდან, კეთილი და წარჩინებული ოჯახიდან” – იწერებოდა გიორგი მაჩაბელზე ამერიკულ პრესაში. ,,ზღაპრიდან გადმოსულ პრინცზე“ ბევრს საუბრობდნენ…
მისი კომპანია 1920-1930–იან წლებში შტატების მთავარი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მის მიერ დამზადებული სუნამოები: “საქართველოს დედოფალი”; “პრინცესა ნორინა”; “დიუშეს ოფ იორკ”; “ოქროს შემოდგომა”; სააბაზანო ზეთი “აბანო”; მამაკაცის სუნამო “ქარის სიმღერა”; დაპრესილი პუდრი და პომადა.
საინტერესოა მაჩაბლის პირველი სუნამოს – „საქართველოს დედოფლის“ დამზადების ისტორია. ევროპაში ცხოვრების დროს, გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა და მონარქიის აღდგენის დიდი მომხრე იყო. გეგმად ჰქონდა გერმანელი პრინცის – კაიზერ ვილჰელმ მეორის უმცროსი ვაჟის იოახიმისა და ქართველი პრინცესის დაქორწინება. კანდიდატურად საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, „ეროვნულ-დემოკრატ“ მიხეილ მაჩაბლის ქალიშვილი მარინა შეარჩია. გერმანულ-ქართული სამეფო ოჯახის იდეა, იდეად დარჩა, მარინა მაჩაბლის სახელი კი, გიორგი მაჩაბელმა სუნამოთი გააცნო მსოფლიოს.
მაჩაბელი ქართული კულტურის პოპულარიზაციასაც ცდილობდა. პროდუქტებს ქართულ სახელებსაც არქმევდა. მაგალითად, ტანის გელი „აბანო“. მისი წარმატების შემდეგ გამოუშვა მზისგან დამცავი კრემი „ტან-აბანო“.
ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი საბოლოოდ ყოფილმა მეუღლემ ნორინა ჯილიმ გახსნა, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით. 1936 წელს მან ბრენდი Prince matchabelli სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით 2015 წლამდე გამოდიოდა… დღეს “პრინცი მაჩაბელი” მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკაა.
პრინცის მუზა
გიორგი მაჩაბელი ნიუ-იორკის სალონურ შეხვედრებსა და ელიტურ წვეულებებზე სასურველ სტუმრად ითვლებოდა, უამრავი ქალი ტრიალებდა მის გარშემო, თუმცა მისი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა… რჩეული ნორინა ჯილი იყო. ცნობილი იტალიელი მსახიობი, თეატრალური ფსევდონიმით მარია კარმი მისი ცხოვრების ქალი აღმოჩნდა. გასტროლებზე მყოფი მსახიობი შვედეთში გაიცნო და მალე დაქორწინდა კიდეც. მარია კარმი სუნამოების პრინცის მუზად იქცა. ქართველმა თავადმა მასთან ერთად შექმნა ბიზნეს იმპერია.
არისტოკრატი ევროპული განათლებით
„ძველი ქართველი არისტოკრატი და განათლებით ევროპელი” – წერდა მიხაკო წერეთელი მასზე. ამ არისტოკრატს უბადლო გემოვნება და ალღო ჰქონდა. უცხო მიწაზე ქართული ჩოხით ჩავიდა და სამშობლოზე ნოსტალგია ბოლო წუთამდე ატარა. წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო 1931 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1933-34 წლებში მისი თავმჯდომარე, 1934 წლიდან კი, ხაზინადარი. გიორგი მაჩაბელი ეხმარებოდა, არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.