საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი.
ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჭირო ინფორმაცია:
საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;
იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება).