წარმოგიდგენთ საქართველოში ამჟამად ან ადრე წარმოებული 26 დასახელების საუკეთესო ღვინის მოკლე დახასიათებას:
ხიხვი – თეთრი სადესერტო სამარკო ღვინო, მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან. დღემდე ეს ჯიში სპეციალიზებული იყო კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის მიკრორაიონში. აღნიშნული ვაზის ჯიში გაშენებული იქნა სიღნაღის რაიონის, სოფელ ხორნაბუჯის, მიმდებარე ტერიტორიაზე. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო ზოლზე, ამ მიკრორაიონში კულტივირებული ხიხვი ასევე საუკეთესო მასალას წარმოადგენს ამავე დასახელების სადესერტო ღვინის დასამზადებლად. ღვინის ფერი გადადის ღია ოქროსფერიდან მუქ ოქროსფერში. მზა ღვინის კონდიციებია: სპირტი – მოც. 15%, შაქარი – 18-20 გ/100სმ³, ტიტრული მჟავიანობა – 4-8გ/დმ³. მიირთვით ხორციან ბრინჯთან, ლობიოსთან, კარტოფილთან და ყველთან ერთად.
საფერავი – სუფრის მშრალი წითელი ორდინალური ღვინო, დამზადებულია ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან. ღვინო მზადდება წითელი მშრალი ღვინომასალების დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით. მზა ღვინო არის ბროწეულისფერი. კონდიციებია: სპირტი – 10.5-12.5% მოც., ტიტრ. მჟავიანობა – 5.0-7.0 გ/დმ³. ღვინო გამოირჩევა მძლავრი ექსტრაქტულობით, რომელიც შეხამებულია დიდ გემურ ჰარმონიასთან და მდიდარ ბუკეტთან. მიირთვით ფრინველისა და ღორის ხორცთან, ასევე ყველთან ერთად.
ქისი – სუფრის თეთრი მშრალი სამარკო ღვინო, რომელიც მზადდება ამავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისაგან, სუფრის მშრალი ღვინოების დამზადების ევროპული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით. მზა ღვინო არის ღია ჩალისფერი, კონდიციებია: სპირტი – 10.5-11.5% მოც., ტიტრ. მჟავიანობა 4.5 გ/დმ³, შაქარი 0.2 გ/დმ³. მიირთვით ზღვის ნობათთან, ფრინველის ხორცთან, ხილთან და ყველთან ერთად.
ჩხავერი – ამავე სახელწოდების ყურძნის წითელი ჯიშისაგან დამზადებული ვარდისფერი ღვინო. საქართველოში ვაზის ეს ჯიში სპეციალიზებულია გურიაში, ჩოხატაურის რაიონში და აფხაზეთში. ჩვენი კომპანიის მიერ ექსპერიმენტის სახით კულტივირებულ იქნა კახეთში, სიღნაღის რაიონ სოფელ ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. შედეგები გვაჩვენებს, რომ შეიძლება გამოყენება თეთრი ნახევრადტკბილი ღვინის “ჩხავერის” დასამზადებლად. ღვინო “ჩხავერი” არის ღია ჩალისფერი ვარდისფერი ელვარებით, გამოირჩევა ჯიშური არომატით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 9.5-11% მოც., შაქარი 3.5გ/100 სმ³, ტიტრული მჟავიანობა – 6-7.5 გ/დმ³. მიირთვით შემწვარ კერძებთან, ფრინველის ხორცთან, ყავასა და დესერტთან ერთად.
რქაწითელი – სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო, დამზადებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან, თანამედროვე ადგილობრივი კახური ტექნოლოგიით. მზა ღვინო არის მუქი ქარვისფერი, განვითარებული ხილის ბუკეტითა და არომატით, გემო ხავერდოვანია. მაღალი ექსტრაქტულობა და სასიამოვნო სიმწკლარტე ღვინოს ორიგინალურ გემოს აძლევს. “რქაწითელის” დაძველება ხდება 2 წელი მუხის კასრებში. მზა ღვინო შეიცავს 11.5-13% მოც., სპირტს. ტიტრ. მჟავიანობა 4-6 გ/დმ³. მიირთვით ზღვის ნობათთან, ფრინველის ხორცთან და ყველთან.
ტიბაანი – კახური ტიპის სუფრის მშრალი სამარკო ღვინო, დამზადებული რქაწითელის და მწვანეს ყურძნიდან. დამზადება წარმოებს ძველი კახური წესით ქვევრებში. მზა ღვინო მუქი ქარვისფერია, ბუკეტში გამოხატულია ქიშმიშის ტონები. კონდიციებია: 11.5-13% მოც., სპირტი, 4-6 გ/დმ³ ტიტრ. მჟავიანობა, ექსტრაქტულობა-25 გ/ლ-ზე მეტი. მიირთვით ფრინველის ხორცთან და ყველთან.
ჩინური – სუფრის თეთრი მშრალი ორდინალური ღვინო. მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც სპეციალიზირებულია საქართველოში, ქართლში. ჩვენი კომპანიის მიერ აღნიშნული ყურძნის ჯიშის ვაზი ექსპერიმენტის სახით აღმოსალეთ საქართველოში, სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. ნაჩვენები შედეგები დამაკმაყოფილებელია. ამ ჯიშის ყურძნისგან მზადდება ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ორდინალური ღვინო “ჩინური”. ღვინო არის ღია ჩალისფერი, მჩატე, კონდიციებია: 11.5% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 6.5%. მიირთვით შენწვარი ფრინველის ხორცთან, თხის ყველთან, ან ნესვთან ერთად.
პინო ნუარ – სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან მზადდება. “პინო ნიუარის” კონდიციებია: სპირტი 9-14% მოც., ტიტრ. მჟავიანობა – 5-6.5 გ/დმ³. მიირთვით შემწვარ ქათამთან და ღორის ხორცთან ერთად.
კაგორი – სადესერტო წითელი სამარკო ღვინო. კაგორის დასამზადებლად გამოიყენება ღვინომასალები, რომლებიც მზადდება საფერავის, მერლოს, მალბეკისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშების ყურძნისაგან. ღვინო “კაგორი” არის მუქი წითელი ფერის, კონდიციებია: სპირტი – 16-17% მოც, შაქარი – 16-25გ/100 სმ³. მიირთვით ხოხბის ხორცთან, იხვისა და კაკაბის ხორცთან ერთად კომბოსტოში.
შარდონე – სუფრის თეთრი მშრალი ორდინალური ღვინო, რომელიც მზადდება ამავე დასახელების ჯიშის ყურძნისგან. ღვინო მზადდება სუფრის თეთრი ღვინოების დამზადების კლასიკური ევროპული მეთოდით. მზა ღვინო ხასიათდება ხილის ნაზი არომატით, აქვს შემდეგი კონდიციები: სპირტი – 10-12% მოც, ტიტრ. მჟავიანობა – 5.5-7 გ/დნ³, შაქარი – არაუმეტეს 0.3 გ/100სმ³. მიირთვით ცივ თევზთან ერთად მაიონეზში, ასევე ბატის ხორცთან ერთად ზეთისხილში.
კაბერნე – სუფრის წითელი სამარკო ღვინო, დამზადებული კაბერნე-სოვინიონის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო არის მუქი ბროწეულისფერი, გამოკვეთილი ბუკეტით, ჯიშური ტონებით. კონდიციებია: სპირტი-9-14% მოც., ტიტრ. მჟავიანობა – 5-7 გ/დმ³. მიირთვით შემწვარ ინდაურთან და ბატკნის კატლეტთან ერთად.
კაბერნე-ფრანი – სუფრის წითელი მშრალი სამაკო ღვინო, დამზადებულია ამავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისაგან. ღვინო არის მუქი ბროწეულისფერი, გამოკვეთილი ბუკეტით, ჯიშური არომატით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 9-14% მოც; ტიტრ. მჟავიანობა – 5-7 გ/დმ³. მიირთვით ახალ კარტოფილთან ერთად კარაქში, შემწვარ კაკაბთან, ხორციან ბრინჯთან ერთად.
მალბეკი – სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან. მზა ღვინო “მალბეკი” არის ლალისფერი, ჯიშური არომატით, შემდეგი კონდიციების მქონე: სპირტი – 10-12.5%, შაქარი – არაუმეტეს 0.3 გ/100ამ³ ტიტრული მჟავიანობა – 5-7გ/დმ³. მიირთვით ფრინველის და ღორის ხორცთან ერთად.
მერლო ტ – სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან. ამ ჯიშის ყურძენში ტანინის შემცველობა ნაკლებია, ამიტომ ღვინო დგება უფრო ნაზი. მზა ღვინო არის ლალისფერი, ჯიშური არომატით. ღვინო “მერლოს” კონდიციებია: სპირტი – 10-12%, შაქარი – უმეტეს 0.3გ/100სმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5-7 გ/დმ³. მიირთვით ფრინველისა და ღორის ხორცთან ერთად.
მწვანე – სუფრის თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო, დამზადებული ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან. ახალგაზრდა ღვინო “მწვანეს” განსაკუთრებულ ღირსებას წარმოადგენს მისი იშვიათი ძლიერი და სასიამოვნო ჯიშური არომატი. ღვინო არის ნაზი და ჰარმონიული. მზა ღვინის კონდიციებია: სპირტი – 10.5-11%, ტიტრ. მჟავიანობა – 5-6.5%. მიირთვით ზღვის ნობათთან, ფრინველის ხორცთან და ყველთან.
კარდენახი – პორტვეინის ტიპის სადესერტო-სამარკო ღვინო, რომელიც მზადდება რქაწითელის, მწვანესა და ხიხვის ღვინომასალებიდან. მზა ღვინო არის ქარვისფერი, ბუკეტი ჯიშობრივი, სადესერტო ტონით, გემოზე თაფლისებრი. კონდიციები: სპირტი – 18% მოც. შაქარი – 10%, ტიტრ. მჟავიანობა 4-6%-მდე. მიირთვით ხორციან ბრინჯთან, კარტოფილთან და ყველთან ერთად.
ძველშავი – სუფრის მშრალი წითელი ორდინალური ღვინო, დამზადებული ამავე დასახელების ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მასომრივი მოხმარებისაა. კონდიციებია: სპირტი10,5-11,5% მოც, ტიტრ მჟავიანობა – 5,5-7,5 გ/დმ³. მიირთვით ფრინველისა და ღორის ხორცთან და ყველთან.
ალექსანდროული – სუფრის მშრალი წითელი ორდინალური ღვინო ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან დამზადებული. ეს ჯიში საქართველოში სპეციალიზებულია რაჭაში, ამბროლაურის რაიონში. ექსპერიმენტის სახით, ალექსანდროულის ჯიშის ყურძნის ვაზი გაშენებულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე და დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, სოფელ ვარციხესთან. ამ ჯიშის ყურძნისაგან მზადდება სუფრის მშრალი წითელი ორდინალური ღვინო “ალექსანდროული” დურდოზე დუღილით. ღვინო არის ლალისფერი, ჯიშური არომატით. ღვინის კონდინციებია: სპირტი – 10-12% მოც, ტიტრული მჟავიანობა 4-7 გ/დმ³. მიირთვით ფრინველის ხორცთან და ნანადირევთან ერთად.
ანაგა – მადერის ტიპის მაგარი თეთრი ღვინო, რომელიც მზადდება რქაწითელის, კახური მწვანესა და ხიხვის ჯიშებისაგნ. მზა ღვინო “ანაგა” შემდეგი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით ხასიათდება: ფერი-მუქი ქარვისფერი, გემო-სრული, ჰარმონიული, ჯიშური არომატით; ბუკეტი – მკვეთრად გამოსახული. სპირტი – 19% მოც, შაქარი – 4 გ100სმ³, ტიტრული მჟავიანობა – 4-5 გ/დმ³ მაქ.მჟავიანობა -არაუმეტეს 1.3 გ/დმ³. მიირთვით ხორციან ბრინჯთან, კარტოფილთან და ყველთან ერთად.
ქინძმარაული – სუფრის ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ვამზადებთ საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. “საფერავის” ჯიშის ვაზი გაშენებულია კახეთის ორ მიკრორაიონში; სიღნაღის რაიონის სოფ. ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის რაიონის ქინძმარაულის მიმდებარე მიწებზე. მათგან სუფრის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის “ქინძმარაულის” დასამზადებლად საუკეთესო მასალას წარმოადგენს ქინძმარაულის მიკრო ზონაში კულტივირებული “საფერავი”. მზა ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი, ხილის ბუკეტი. ღვინის კონდიციებია; სპირტი – 10.5-12%, შაქარი – 3-5გ/100სმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,0-7,0 გ/დმ³. მიირთვით ყავასა და დესერთტთან ერთად.
სამოთხე – სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ღვინომასალების კუპაჟით. მზა ღვინო არის ბროწეულისფერი, ჯიშური არომატით, ხილის ბუკეტით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 11% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 5,5 გ/დმ³. მიირთვით ღორის ხორცთან და ყველთან ერთად.
თამარის ციხე – სუფრის მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც მზადდება მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ჩალისფერია, მწვანე ელფერით. გამოირჩევა სასიამოვნო ჯიშური არომატით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 10,5% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 5,5 გ/დმ³. მიირთვით ცივ თევზთან და იხვთან ერთად.
ვაზის აკვანი – სუფრის მშრალი წითელი ღვინო. მზადდება საფერავისა და ალექსანდროულის ღვინომასალების კუპაჟით. მზა ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი, საფერავისა და ალექსანდროულის დამახასიათებელი ჯიშური არომატი და ბუკეტი. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 11,5% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 6 გ/დმ³. მიირთვით ნანადირევთან.
ვაზის კარი – სუფრის მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც მზადდება რქაწითელის, მწვანესა და ხიხვის ღვინომასალების კუპაჟით. ღვინო ღია ჩალისფერია, მომწვანო ელფერით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 10,5% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 6 გ/დმ³. მიირთვით ცივ თევზთან და იხვთან ერთად.
სოვინიონი – სუფრის მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც მზადდება ამავე დასახელების ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ღია ჩალისფერია, ხასიათდება ძლიერი და სასიამოვნო ჯიშური არომატით, ნაზია და ჰარმონიული. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 11,5% მოც, ტიტრული მჟავიანობა – 6,5 გ/დმ³. მიირთვით ზღვის ნობათთან, ნანადირევთან და ყველთან ერთად.
საქართველოს ლეგენდა – სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო ბროწეულისფერია. გამოირჩევა ძლიერი ექსტრაქტულობითა და მდიდარი ბუკეტით. ღვინის კონდიციებია: სპირტი – 10,5-12,5% მოც., ტიტრული მჟავიანობა – 5-7 გ/დმ³. მიირთვით ღორის ხორცთან და ყველთან.