გერმანიის უდიდესი გამოცემა “Frankfurter Allgemeine Zeitung” დიდ პუბლიკაციას უძღვნის ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახში ორგანიზებულ გამოფენას.
ეს წერილი ქართულ ენაზე (ბ. კალანდიას თარგმანი) ხელოვნების სასახლის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
წერილის ავტორია: ქრისტიან რიტმიულერი. ფრანკფურტი. 6 ოქტომბერი. 2018 წელი. „ქართული კვირა“ აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
დამწერლობის საგანძური კავკასიიდან
სამი ანბანი: ქართული შრიფტის ხელოვნება მრავალფეროვანია, რაშიც დარწმუნება ახლა უკვე ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზეა შესაძლებელი.
თითქმის ორი წელია, რაც 33-ასო-ბგერისაგან შედგენილი ქართული დამწერლობა იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება. პრესტიჟული ჯილდო აღიარებს შრიფტს, რომლის წარმოშობის შესახებ, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მეცნიერებს შორის არ არსებობს კონსენსუსი,როგორც მისი წარმოშობის თარიღის, ისე მისი ავტორის შესახებ. უძველეს ქართულ წარწერად ითვლება ასოები ქართული მონასტრის იატაკზე, რომელიც იუდეის უდაბნოში 1952 წელს იტალიელმა არქეოლოგმა აღმოაჩინა.
ერთი წარწერა თარიღდება დაახლოებით 430 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.დღემდე შემორჩენილი ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლია წმიდა დედოფალ შუშანიკის წამება, რომელიც დაწერილია იაკობ ცურტაველის მიერ, სავარაუდოდ ჩვენს წელთაღიცხვამდე 476 და 483 წლებს შორის. აქ გამოყენებული იყო ასომთავრული ანბანი, სამი ანბანიდან ყველაზე ძველი ქართული დამწერლობის ისტორიაში. დანარჩენ ორ შრიფტს ეწოდება ნუსხური, რომელიც შუა საუკუნეებში შემუშავდა და მხედრული – ამჟამინდელი ქართული ანბანი. სამივე დამწერლობას ახასიათებს სტილისტური თავისებურებები, მაგრამ იმავდროულად ყველა ერთმანეთს ეყრდნობა (ერთმანეთისგან გამომდინარეობს). დღეს დღეობით ყველა მათგანი ქმედითია, გამოიყენება რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, მაგალითად, ნუსხურ შრიფტით დღემდე საეკლესიო ლიტერატურას ბეჭდავენ – ამას საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გვამცნობს.
კალანდიამ ხელოვნების სასახლის ხელნაწერების კოლექციიდან ძვირფასი ხელნაწერები, წიგნები, ჟურნალები და პლაკატები შორეულ მოგზაურობაში გერმანიაში ჩამოიტანა, საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ორგანიზებული ასეთი გამოფენა სრულ წარმოდგენას გვიქმნის ქართული შრიფტის ხელოვნების შესახებ. „თბილისი ჩემს აზრებში – საქართველოს შრიფტის ძველი და ახალი საგანძური“, – ასე ეწოდება ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში მოწყობილ ექსპოზიციას. იგი არა მარტო წარმოსახავს ქართული ანბანის საწყის ეტაპებს, არამედ სხვადასხვა ქართველ ხელოვანთა კალიგრაფიულ კომპოზიციებში გვიჩვენებს ამ ანბანის წრეებისა და სწორი ხაზების მხატვრულ თავისებურებს, განლაგებულს ერთ დონეზე და გამოსახულს ძალზე ელეგანტურად.
გამოფენაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 1629 წელს გამოცემულ უძვირფასეს კრებულს. ეს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნია. იგი შეიქმნა და გამოქვეყნდა რომში წმიდა კონგრეგაციის შეკვეთით ხალხთა ევანგელიზაციის მიზნით: ეს იყო მისიონერებისთვის განკუთვნილი ქართულ-ლათინურ-იტალიური ლექსიკონი. იმ დროისთვის თავად საქართველოში წიგნები ჯერ კიდევ ხელით იწერებოდა. ქართული ბეჭდვის და ტიპოგრაფიის ისტორია პირველ სათავებს იღებს მე -18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც თბილისში სტამბა გაიხსნა.
პირველი გამოცემა იყო სახარება (1709 წ). 1709 წლიდან 1712 წლამდე დაბეჭდილ თითქმის ათეულ წიგნებს შორის იყო არა მარტო რელიგიური ლიტერატურა, არამედ აგრეთვე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ნაწარმოები, რომელიც დღემდე ითვლება საქართველოს ეროვნულ საგანძურად.
მე -19 საუკუნეში, საქართველოში შრიფტის ხელოვნების აღმავლობა გრძელდება, რის დასტურიცაა ქართული შრიფტის არაერთი სახეობა, ისინი უხვადაა წარმოდგენილი პერიოდული გამოცემების სახით.
მე -20 საუკუნეში კი ბევრმა ქართველმა სახელი მოიხვეჭა, როგორც პლაკატებისა და შრიფტების დიზაინერმა, რაც დასტურდება მუზეუმის კედლებზე გამოფენილი მრავალრიცხოვანი აფიშებით, მათ შორის გამორჩეულია პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი თეატრალური პლაკატები.