7-18 მარტი – ქართველების უკანასკნელი გაბრძოლება წითლების წინაამდეგ
7 მარტს მტერმა ბორჯომი აიღო, ხოლო აფხაზეთის ფრონტზე ოჩამჩირე დაიკავა. იმავე დღეს ქემალისტების შენაერთები ახალციხეში შევიდნენ. მთავარ მიმართულებაზე მე-11 არმიის მეწინავე ნაწილებმა 20 საათსა და 50 წუთზე დაიკავეს სადგური წიფა. 8 მარტს მე-9 არმიის შენაერთები მდინარე ენგურს მოადგნენ, ხოლო მე-11 არმიის ნაწილები 17 საათზე ახალციხეში შევიდნენ. ქემალისტებმა ქალაქი დატოვეს და არდაგანისკენ დაიხიეს. 9 მარტს მე-9 არმიის ნაწილები ზუგდიდში შევიდნენ. ამ დროისათვის შემდეგი ვითარება იყო შექმნილი: მე-11 არმიის ნაწილები კვალდაკვალ მოჰყვებოდნენ უკან დახეულ ქართულ შენაერთებს, მაგრამ დიდ აქტივობას არ იჩენდნენ; რაჭის მხრიდან მომავალ მტერს ქართულმა ნაწილებმა ხვანჭკარისა და ნიკოწმინდა-შქმერის მიდამოებში ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ მტერი წინსვლას განაგრძობდა; გენერალ ართმელიძის ქვედანაყოფები მტრის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ და ახალსენაკის მიმართულებით უკან იხევდნენ. არსებობდა საფრთხე, რომ მტერი სამტრედიას დაიკავებდა. ამის თავიდან ასაცილებლად ართმელიძის შენაერთების დასახმარებლად გენერალი მაზნიაშვილი გაიგზავნა.
სამტრედიაში ჩასული მაზნიაშვილი გენერალ ანდრონიკაშვილს შეხვდა, რომელიც ამ დროისათვის მთავარსარდლის მოადგილედ იყო დანიშნული. ანდრონიკაშვილმა მაზნიაშვილს მტრის ახალსენაკთან შეჩერება უბრძანა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მაზნიაშვილს პოზიციები უნდა შეენარჩუნებინა და სანამ ქუთაისიდან ევაკუაცია არ დასრულდებოდა, მოწინააღმდეგის სამტრედიისკენ წინსვლა არ უნდა დაეშვა. ბრძანების მიღების შემდეგ მაზნიაშვილის შენაერთები ახალსენაკისკენ დაიძრნენ, სადაც ისინი ართმელიძის ქვედანაყოფებს შეხვდნენ. 10 მარტს გამთენიისას მე-9 არმიის ნაწილებმა მდინარე ცივის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებულ ქართულ შენაერთებს შეუტიეს. მაზნიაშვილმა იერიში მოიგერია და ამით გენერალ ართმელიძის ქვედანაყოფებს აბაშისკენ უკან დახევის საშუალება მისცა. 10 მარტსავე მე-11 არმიის მეწინავე ნაწილები ქუთაისს მიუახლოვდნენ და ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ 17 საათზე ქალაქი დაიკავეს. ერთ-ერთმა უკანასკნელმა, მოწინააღმდეგის ტყვიების ქვეშ ქალაქი გენერალმა ანდრონიკაშვილმა დატოვა.
11 მარტს გენერალმა ანდრონიკაშვილმა მაზნიაშვილს აცნობა, რომ ევაკუაცია დამთავრებულია და ხვალ დილიდან უკვე შეუძლია უკან დაიხიოს. იმავე დღეს ქართულმა ჯავშანმატარებელმა, ვალოდია გოგუაძის ძმის, ალფეს გოუაძის მეთაურობით კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერა, საქართველოს მხედრობის ისტორიაში. ჯავშანმატარებელი ქუთაისის სადგურში შევარდა, იქ მყოფი მტერი გაფანტა, რამდენიმე კაცი ტყვედ აიყვანა, ჯავშანმატარებელს დარჩენილი ქონებით დატვირთული რამდენიმე ვაგონი ჩააბა და სადგურ რიონში დაბრუნდა.
11მარტს ქემალისტების საჯარისო ნაწილები ყაზიმ ქარაბექირის მეთაურობით ბათუმში შემოვიდნენ. 12 მარტს დილით ადრე მაზნიაშვილმა უკან დახევა დაიწყო. დილის 8 საათზე მდინარე რიონზე გადავიდა, ხიდი ააფეთქა და სადგურ საჯავახოზე პოზიციები დაიკავა. მდინარე რიონზე გადასვლას გენერალი კვინიტაძეც 12 მარტით ათარიღებს. მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ქართულმა შენაერთებმა თავდაცვის უკანასკნელი ზღუდე დაიკავეს. მტერმა სადგურ საჯავახოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ ქართველმა არტილერისტებმა საპასუხო ცეცხლით მტრის არტილერია ნახევარ საათში ჩააჩუმეს. ომის მოგების თეორიული შანსიც კი აღარ არსებობდა. მიუხედავად ამისა მაზნიაშვილთან მაინც მოდიოდნენ მოხალისეები. მოდიოდნენ საკუთარი იარაღით, საკუთარი საგზლით და უდიდესი სურვილით ბოლომდე ებრძოლათ საქართველოს თავისუფლებისათვის. მოხალისეთა ხარჯზე ჯარის რაოდენობა გაიზარდა და გენერალ მაზნიაშვილის ცნობას თუ ვენდობით, 16 მარტისთვის მას 9 800 მეომარი ჰყავდა.
13 მარტს მთავარსარდალი კვინიტაძე ბათუმში ჩავიდა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები. 13 მარტს 20 საათზე მტერმა ფოთი აიღო. ამის შემდეგ მოწინააღმდეგეს აქტიური სამხედრო ოპერაციების თითქმის აღარ უწარმოებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ბათუმში ქემალისტების სამხედრო ნაწილები იმყოფებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლებას კი მათთან ღია და პირდაპირი შეტაკება არაფერში სჭირდებოდა. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების 14 მარტის ოპერატიული ცნობის თანახმად, “წასულ დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე ბრძანების თანახმად საომარი მოქმედებები არსად ყოფილა”. ანალოგიური ინფორმაციაა დაცული 17 მარტის ოპერატიულ ცნობაშიც, “ფრონტზე წარსულ დღეს სამხედრო მოქმედებები არ ყოფილა”. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გენერალი მაზნიაშვილი ბათუმისკენ გაემართა. 17 და 18 მარტს ქუთაისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და საქართველოს რევკომის წევრ მამია ორახელაშვილს შორის შემდგარი მოლაპარაკების შედეგად სამხედრო მოქმედებები შეწყდა.
წყარო: მატიანე