საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 84 წლის გახდებოდა

„მე არავითარ იარაღს არ ვატარებ, გარდა სიმართლის ჭურვისა. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე გაგვათავისუფლებს. ჩემმა ცილისმწამებლებმა იციან, რომ საუკუნეების განმავლობაში კალამი იყო და იქნება მახვილზე უფრო ძლევამოსილი. ისტორია იქნება ჩემი მოსამართლე და ისტორიკოსები იტყვიან საბოლოოდ სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ.“ – ზვიად გამსახურდია.

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტის, ეროვნულ გმირსა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 84 წლის გახდებოდა.

ზვიად გამსახურდიამ მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა და რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება – საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს  პირველი  პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, ასევე იყო მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ამავე დროს,  როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო  ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა  კავშირში;

აკრძალული ლიტერატურის თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს;

საბჭოთა სივრცეში მან პირველმა ჩაატარა ოფიციალური არჩევნები  არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით, იყო ინიციატორი  რეფერენდუმისა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და შემდეგ კი – დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიმღები.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, საკუთარი თავისთვის ხელფასის დანიშვნა დაავიწყდა. პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს რომ გამორჩათ ეს ფაქტი, მან სიმბოლური ხელფასი მოითხოვა, მაგრამ კანონით პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონოდა! პრეზიდენტის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოდიოდა, ზვიადმა იკითხა რამდენი აქვს მას ხელფასიო, რადგან კანონით მეტი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ერთი მანეთით მეტი დამინიშნეთო!

პრეზიდენტობის მანძილზე ერთხელაც არ აუღია ხელფასი, ბავშვთა სახლებს ურიცხავდა სრულად.

1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. 1994 წლის თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს და დაკრძალეს. 2007 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები