“მე მტერს ტყვედ არასოდეს ჩავბარდები…“საქართველოს ეროვნული გმირი – ზურაბ იარაჯული

მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი ერთში აასრულა…“ – იხსენებს იარაჯულის თანაკურსელი და თანამებრძოლი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ბექაური.
ზურაბ იარაჯული 1971 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.
ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.
ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა – მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.
ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.
წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები