ოთარ იოსელიანი: „ჩემი საფრანგეთში ცხოვრებით ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი თბილისელი კაცი ვარ…”

1934 წლის 2 თებერვალს დაიბადა დიდი მაესტრო ოთარ იოსელიანი.

“საფრანგეთში არავინ მყავს, ვისთანაც ღვინოს დავლევდი. ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოშიც თითქმის იგივე სიტუაციაა. ორი – სამი კაცის გამოკლებით.

კონსერვატორია დავამთავრე და როცა მივხვდი, ჩემგან დიდი მუსიკოსი არ დადგებოდა, მოსკოვში წავედი და უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. ნიუტონის სახელობის სტიპენდია დამინიშნეს. ეს სამჯერ მეტი იყო ჩვეულებრივზე. ბეჯითი სტუდენტი ვიყავი. საგნები მაინტერესებდა, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტში სამხედროები მოვიდნენ და წარჩინებული სტუდენტების შერჩევა დაიწყეს ახალი იარაღის შესაქმნელად. სწავლა მივატოვე. აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი დიდი მეცნიერი იყო, მაგრამ წყალბადის ბომბი გამოიგონა, რითაც სსრკ-ს არსებობა გაახანგრძლივა. როცა მიხვდა რა შეცდომა დაუშვა, დისიდენტი გახდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კომუნისტური სისტემა გააძლიერა. როცა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები, პირველ კურსზევე მივხვდი, კინო ჩემი საქმე იყო. მოგვიანებით, უკვე რეჟისორი რასაც ვიღებდი, თითქმის მალევე კრძალავდნენ, თუმცა ვფიქრობ თავისი საქმე ამ ფილმებმა მაინც გააკეთეს.

საფრანგეთში გადაღებული ფილმები ფრანგებს ფრანგული ჰგონიათ. იმედი მაქვს ქართველებმა იციან, ქართულ ფილმებს ვიღებ დღევანდელობაზე, იმაზე, რაც ვიცი.

რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო. ვფიქრობ, ვიდრე გაასამართლებენ(და ეს აუცილებლად მოხდება), პუტინის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა ფსიქიატრებმა უნდა დადონ. ჩვენი ქვეყანა რეალური ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი.

თუ ფილმს არ ვიღებ, ცხოვრებას საქართველოში ვამჯობინებ. ჩემი საფრანგეთში ცხოვრებით ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი თბილისელი კაცი ვარ…”

ოთარ იოსელიანი

 ოთარ იოსელიანი იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2006), ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდოს – Pardo alla carriera-ს (2023), რუსეთის კინემატოგრაფიული პრემია „ნიკას“ ჯილდოს – „პატივი და ღირსება“ (2019) და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს (2022) მფლობელი.

ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში, ქ. თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები