“დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე – ჩემს სამშობლოზე და შენზე…”- ლადო ასათიანის წერილებიდან
14 იანვარი ქართველი პოეტის – ლადო ასათიანის დაბადების დღეა… ლადო ასათიანი ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში 1917 წელს დაიბადა, საშუალო განათლება კი მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. “რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი” დაწერს შემდეგ ცნობილი პოეტი ლექსს… იმ პერიოდის ცნობილ რეპრესიებს ვერც პოეტის ოჯახი გადაურჩა – ლადო ასათიანის დედა – ლიდა ცქიტიშვილი – ქართული ენის პედაგოგი ვიღაცის დაბეზღების შედეგად ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა… ტრაგიკული იყო გამორჩეული პოეტის ცხოვრებაც – იგი სრულიად ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. მისი ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“ კი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
ლადო ასათიანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისტორიას კი დარჩა სრულიად გამორჩეული ლექსების რითმა და ახალგაზრდა პოეტის სახება.
ლადო ასათიანი ამ წერილს ულამაზეს მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს სწერს:
”ანიკო, ძვირფასო! მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ნეტავი არ ჩამოვსულიყავი, მომწყინდა, მოსაბეზრებელია აქაურობა. დავდივარ მარტოდმარტო ნაძვნარში. ხომ გახსოვს ჰაინრიხ ჰაინეს ნაძვი, სამხრეთზე რომ ოცნებობს, იმ ნაძვს ვგავარ ახლა მე. დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე – ჩემს სამშობლოზე, და შენზე… საზიზღარ ხასიათზე ვარ ახლა, სად გადმომაგდე ამ იდიოტობაში, 23-ში წამოვალ აუცილებლად და გნახავ.
ლადო ასათიანი
18. 9. 1939.
წაღვერი