თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულზე იმყოფებოდნენ
4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულმა, რომელიც ორგანიზებული იყო იერუსალიმის מחול שלם Machol Shalem Dance House-ის მიერ, მთელი მსოფლიოდან მიწვეულ სპეციალისტებს, ხელოვანებსა და თანამედროვე ცეკვის სფეროში წამყვანი ინსტიტუციების, დასების, ფესტივალების, ცენტრების, კონკურსების, პლატფორმებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს უმასპინძლა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი.
ცეკვის კვირეული მოიცავდა ისრაელელი ქორეოგრაფების თანამედროვე ცეკვის ნამუშევრების ჩვენებებს, VR შოუს, ქორეოგრაფიის საერთაშორისო კონკურსს, ადგილობრივ ხელოვანთა ინიციატივების პრეზენტაციებს, გაცნობით შეხვედრებს და ასევე სამუშაო შეკრებების პლატფორმას მიწვეულ საერთაშორისო ექსპერტთა და ხელოვანთა შორის კავშირების დამყარება-გაღრმავების მიზნით.