“საქართველოს “პოეტების მეფის” გვირგვინი გალაკტიონის ნაცვლად ძნელად შეჰფერის ვინმეს…”

1921 წლის იანვრის ბოლოს „პოეტების მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი გაიმართა. თითოეულ მონაწილეს სპეციალურად კონკურსისათვის დაწერილი ერთი ლექსი უნდა წარედგინა. გალაკტიონი „პოეტების მეფედ“ აირჩიეს, მეფის გვირგვინი მიანიჭეს – ლექსისთვის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.

„სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:

პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი

მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

ყველაფერში შუქით შემობურვილი:

პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის,

სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:

პოეზია – უპირველეს ყოვლისა!“

გალაკტიონს ხმა მისცეს: ია ეკალაძემ, ირაკლი ყანჩელმა, გრიგოლ ორაგველიძემ, გობრონ აგარელმა, ტერენტი გრანელმა, ალექსანდრე კალანდაძემ, გრიგოლ ზოდელმა, გიონ საგანელმა, არტემ  გაბუნიამ, პოლიო აბრამიამ, მიქელ რაბიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და იოსებ იმედაშვილმა.

“გამარჯვებამ მარტოობის განცდა უფრო მეტად გაუმძაფრა:

უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,

იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი, და მარტოობა.

გავაღე კარი: თეთრი თოვლი შემომეფეთა,

მივხურე კარი: მარტოობამ დამისადგურა.”

„პოეტების მეფედ“ არჩევის შემდეგ გალაკტიონის მოშურნეთა და მტერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. პერიოდულ პრესაში არაერთი ირონიული შინაარსის მასალა დაიბეჭდა. ამ პუბლიკაციებს ეხმაურება გალაკტიონის სტრიქონები:

…და შურიანი პოეტების მარადი ყეფა,

დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?

უფრო ხმამაღლა დაიძახონ… არ მეშინია!

მეორე დილით, გაზეთები ხმაურით ხვდებიან ამ ფაქტს.

“ამ კონკურსის დღიდან ბევრი წყალი ჩაივლის და გალაკტიონი სწორედ მეფურ ჟესტს მოიფიქრებს:

“არცერთი იმათგანი, ვინც მე ამირჩიეს პოეტების მეფედ, ცოცხალი აღარ არის. გთხოვთ, თუ ჩემით უკმაყოფილო ხართ, აირჩიოთ სხვა…”

ვინ იქნება ეს სხვა? ხომ ყველასათვის ცხადია, რომ გენიოსზე ლაპარაკობენ. კი ბატონო გადადგება, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ საქართველოს “პოეტების მეფის” გვირგვინი გალაკტიონის ნაცვლად ძნელად შეჰფერის ვინმეს…”, წერს მწერალი  გიორგი გამყრელიძე თავის მოგონებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები