დღეს ალავერდობაა – ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის ხსნების დღე

წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად.

ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავერდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზედაც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.

მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.

ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.

მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძღვარიც და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.

მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები