დირბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “მიდგომილი ღმრთისმშობელი” – უშვილოთა შემწე

ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა. დირბის ღვთისმშობლის ფრესკა ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.

2003 წელს ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა ამ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკში და სწრაფად გავრცელდა ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.

დირბის „მიდგომილ ღვთისმშობელს“, რომლის მსგავსი გამოსახულებაც ძალზედ იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში, მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შესახებ “ამბიონს” დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი) უამბობს:

„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.

დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…

დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.

მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომელიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”

მონასტერში დირბის ღვთისმშობლის მეოხებით აღსრულებული სასწაულების მოძიება-შეგროვება ხდება. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. ეს საქმიანობა დირბის დედა ღვთისმშობლის კიდევ მეტად განდიდებას ემსახურება.

დირბის ღვთისმშობლის წყალობით ქვეყანას მრავალი პატარა მოევლინა და გამოჯანმრთელდა. ვინც დირბის მიდგომილ ღვთისმშობელს რწმენით ევედრება, დედაღვთისა თავისი დედობრივი შეწევნით შეეწევა. დედაღვთისა იყოს ყველა უშვილო წყვილისა და ორსულთა შემწე.

წყარო: “ამბიონი” – თეონა ნოზაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები