დღეს მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის (ყულოშვილი, +1918 ) ხსენების დღეა

2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი წმიდანად შეირაცხა ჰერეთში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წწ.). მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა.

მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მამამისს ერქვა რაფაელი, ხოლო დედას – საბედო. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა. მან ზეპირად იცოდა “ვეფხსიტყაოსანიც.”

მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა.

მღვდელი მიქაელი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.

1888-1904 წლებში წმიდანი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება. 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა (1894 წლის 9 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ იკურთხა). ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მღვდელი მიქაელ ყულოშვილი სოფელი მუსლიმანებით გახლდათ გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ.

მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა ფეხი ფარდაგს როგორც კი დააბიჯა ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს: “ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. დაე, მომკალით წმიდა სამებისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას – სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა. გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა…” ჯალათებმა მამა მიხეილს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. შებინდებულზე მისი გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა…

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. 1918 წლის გაზეთ “საქართველოს” მეექვსე ნომერში ვინმე “ვ-ლი”-ის ფსევდონიმით წერდა, რომ მამა მიხეილის გვამი 18 დღის ძებნის შემდეგ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველი ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებულს მიაკვლიეს.

“ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმების გამოკვლევით, ხელგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მოუშორებიათ კისერი. კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალული იქნა კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში… ეჭვი არ არის, რომ მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსლიმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან გამოცვლისთვის ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსლიმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა, ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელისგან დახსნისთვის, თორემ მერე გვიანი იქნება…”

წმიდანი კახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში მიასვენეს და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე – ბაბა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ.

მღვდელი მიქაელის მკვლელობისთვის კანონიერი გზით დასჯის შესახებ არაფერია ცნობილი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები