ვაჟა-ფშაველა – “რას ჰქვიან თავისუფლება?”

„როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!” რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა.

თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება.

რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? ნადირი ან ფრინველი ცოტად მოზრდილი, თავისუფლებას ნაჩვევი, ნაგემი რომ დაატყვევოთ, თუ ვერ მოახერხა გაპარვა ტყეში, მინდვრად, დარდისაგან კვდება. მაგალითები აუარებელი ხდება. რაც უნდა კარგად მოუაროთ, ასვათ, აჭამოთ, საუკეთესო ბინა მიუჩინოთ, მაინც თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. მზად მირთმეულს საზრდოს, თავის შრომით, წოწიალით, წვალებით მონაპოვარი ეუკეთესება. სიცივე და სიცხე არ აშინებს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს, თავის ნებაზე ცხოვრება, მოძრაობა შაეძლოს. აი რამდენად ტკბილია თავისუფლება.

…დიაღ, ადამიანს, მით უმეტეს გაუნათლებელს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა. აბა კარგად დაუკვირდით თუ ასე არ იყოს.

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თავალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში. ის როდი კმარა მარტო, რომ როცა უნდა გამოვიდეს და ისეირნოს ქუჩებზე, იმღეროს, ითამაშოს, შეირთოს ცოლად ის ქალი, ვისაც იგი მოსწონ და ვინც მას მოსწონ…

თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ფიქრობს მას: „მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის დაცვისა”. სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არი.

მაგრამ მაგარი ის არის, რომ დღეს არც მჩაგვრელები არიან თავისუფალნი; იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება. მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშს ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა ამომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი, უნდა მომკლანო, ბოლო მგლისა მაინც ეს არი: უნდა მოკვდეს თოფით, საწამლავით ან ხაფანგში გაებას, სიკვდილი თან სდევს ყოველს ნაბიჯზე. მგელს ადამიანი მაინც სდევნის, თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი. ხოლო მგლად ქცეულს ადამიანს ასე არ უნდა მოვეპყრათ! იმის გაწვრთნა, ჩვენ, – ადამიანთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთ ბილიკები მგლური ინსტიქტების, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები