ნიკო ნიკოლაძე: “ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს…”

“ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს.

ჩვენს საზოგადოებაში, ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება, ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის.

ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ… მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, – მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენ ხალხს და დამხმარებელიც.

პოლიტიკა ახალ მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე კიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამაპაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება.

ყველა პოლიტიკური პარტიის კადრი და შტაბი სხვადასხვა სპეციალისტების საჩინო მოღვაწეებისაგან არის შემდგარი. პარტიებს იქ მეტად რთული სასიცოცხლო საქმეები მორიგათ უდგათ წინ, რომლის მართვა ერთობ მარჯვე ღონისა და ცოდნის მოხმარებას თხოულობს, ამიტომაც მეთაურებს გავლენის შერჩენა როდიღა შეუძლიათ მარტო ფრაზების რახა-რუხით, ან მიუწვდომელ სიმაღლისაკენ ფრთების ფართხალით.

საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მომზადებული ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობისთვის საჭირო ცოდნითა და ნიჭით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენში ძლიერ ცოტაა; სამაგიეროდ, უფრო დიდი რაოდენობით გვყვანან სავსებით მოუმზადებელნი პირნი, რომლებსაც ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობის უზომო მადა აქვთ, მაგრამ სრულებითაც არ გააჩნდათ არც მშვიდი ანგარიშიანობა, არც გამძლეობა, არც უნარი, რომ საკუთარი ძალ-ღონით და მეტ-ნაკლებად რიგიანი უწყინარი საშუალებებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს… კიდევ უფრო ნაკლებად გვყვანან ფანატიკოსები, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა რკინის ბორკილების ტარებას. რაკი სხვა ტიპის მოღვაწენი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ბურთი და მოედანი რჩება ხოლმე სათნო აზიზ-მაზიზებს ერთ მხრივ, და არაკეთილსინდისიერ ინტრიგებისა და მოანგარეებს.

მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო” – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?

ასეთი ლიდერების და მოღვაწეების” ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს ჩვენი საზოგადოებაც ასრულებდა მისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებით, როგორიცაა უდარდელობა, მლიქვნელობა, სერვილიზმი, პანეგირიკი (ანუ “ყიზილბაშობა, როგორც ამ თვისებებს უწოდებდა ილია).

“გასაგებია ისეთი საზოგადოების მავნებლობა, სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასხამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძილი და იგი სულ უფრო ნაკლებს და ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე”. ევროპისაგან განსხვავებით, საქართველოში “ სადაც ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს, და არა დაწესებულებაზე, ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ და სხვა არავინო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასო. ქვეყნის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის ან იდეალის სამსახური დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

უცხოელების შემოსევის გარდა ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა.

რევოლუციაც– ქინაქინის არ იყოს,  ზოგან რგებს, ზოგჯერ ვნებს. საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში არა; არ გამოდგა იმიტომ, რომ ხალხი დაუმზადებელი ყოფილა ცვლილებებისათვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია.

ფიქრი იმაზე, რომ რევოლუცია შეიძლება უწოდო მხოლოდ ნგრევას და არა შეცვლას არსებული პოლიტიკური ორგანიზაციისას, ნიშნავს უდიდეს შეცდომას. ნგრევა ახლის შექმნის გარეშე, არ არის რევოლუცია. ანარქიას ყოველთვის მივყავართ რეგრესიამდე და არა პროგრესამდე. ერთი რეჟიმის შეცვლა მეორეთი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ მომზადებული იქნება პროგრამა და გეგმა, აგრეთვე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის.

ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესს და დისციპლინას.

რა გზაც ხუთს, ექვს ან ოც ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერც ერთი ხალხი ერთი გადახტომით ვერ გაივლის.

სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება… ქვეყანაზე არც ძალა არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი– მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს, და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიც დაიხრჩობა.

რაც ჩვენი მომავლისთვის საჭიროა, იმას როდი ვიკარებთ, მაგიერათ მავნებელს კი გულში ვიხუტებთ.

რასაც პეტრე პირველმა– გენიოსმა – რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, ჩვენში ერმოლოვმა – დიდმა და ჭკუიანმა ვერ მოახერხა, – ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით და ოსტატობით შეაპარა, შეაპარა ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრებისა.

ყველა ხალხს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერა კაცი გაარუსებს. შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ – შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ – წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება. და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს ან ქართველი რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ.

გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის, დამოუკიდებლობის გადასაწყვეტად.

როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში.

ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს.

მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს.

დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უგზო – უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისაკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოსულად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალ-ცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა.

ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრით შეუძენია. ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო.”

ნიკო ნიკოლაძე

 

📸  ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები