“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის! მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია…”

1937 წლის 2 ივნისს დაიბადა მსახიობი, სატელევიზიო სახე, სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი. 1955-1959 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1959-1971 წლებში კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც. მსახიობი და დიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს სპორტულ კომენტატორად მუშაობდა. 2014 წლის 30 დეკემბერს სატელევიზიო ანძასთან საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანების ვარსკვლავებს შორის ნუგზარ ჯუღელის ვარსკვლავიც გაიხსნა.

„მიხარია რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში…“ – ეს სიტყვები ბატონ ნუგზარს ეკუთვნის, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავისი ოჯახის წევრებს წერილში დაუწერა. ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მე წავედი უსასრულობაში… უმორჩილესად გთხოვთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის. მიხარია რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში…

ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას. ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის! მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები