18 აპრილი ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს თელავში დაიბადა. მის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად დამკვიდრებულია 1901 წლის 18 აპრილი, თუმცა საარქივო დოკუმენტები, მათ შორის მისი ერთ-ერთი ავტობიოგრაფია, მოწმობს, რომ ხელოვანი 1898 წელსაა დაბადებული. ელენე ახვლედიანს აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. მისი პედაგოგები იყვნენ: ნიკოლა სკლიფასოვსკი, ბორის ფოგელი, გიგო გაბაშვილი.

ელენე ახვლედიანი 1918-1920 წლებში თბილისის დაწყებით სკოლებში ხატვის პედაგოგი იყო. მისი ნამუშევრები პირველად 1919 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 1921 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1922 წელს კი სასწავლებლად გაემგზავრა ჯერ იტალიაში, მილანში, ხოლო შემდეგ – პარიზში. 1924 წლიდან კოლაროსის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1926 წელს სწორედ პარიზში გაიმართა. 1926 წლის იანვარ ფრანგულ ჟურნალში „L’Art Vivant” დაიბეჭდა ანონსი ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენის შესახებ, რომელიც 1926 წლის ოქტომბერში გალერეაში „Quarte Сhemins“ გაიმართა.

1927 წელს ელენე ახვლედიანი თბილისში დაბრუნდა, 1928 წლიდან კი კოტე მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო თეატრის მხატვრად.მასთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებს აფორმებდა მხატვარი პეტრე ოცხელი.1930-იანი წლებიდან ელენე ახვლედიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში აფორმებდა სპექტაკლებს.

“ელენემ რომ ესკიზები მოიტანა, ჩემი გმირის კოსტიუმი ძალიან მომეწონა: მუქი მწვანე ხავერდის სამოსელი შავითა და ოქროსფრით იყო გაწყობილი. ავი სახე ჰქონდა ესკიზზე დახატულ ჰერცოგინიას, აღშფოთებული. ისეთი ცოცხალი იყო, მეგონა ესკიზიდან ძირს გადმოსვლა შეუძლია მეთქი. ავღელდი, კოსტიუმის ჩაცმა მეჩქარებოდა, მაგრამ ჩავიცვი თუ არა, საშინელი უხერხულობა ვიგრძენი – მძიმე სამოსელმა შემბოჭა, თავისუფლად ვეღარ ვმოძრაობდი. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი ელენეს. „ჯერ რეპეტიცია გაიარე და მერე ვილაპარაკოთ“ ,- წაიბურტყუნა და გამშორდა. გენერალურ რეპეტიციაზე მივხვდი, რაოდენ მართალი იყო – შემბოჭა სამოსელით, მაგრამ სწორედ ეს შებოჭვა იყო საჭირო, რომ იმ დროის ქალისთვის დამასახიათებელ მდგომარეობაში მეგრძნო თავი. მხატვარი დროის შესატყვის მოძრაობებს მკარნახობდა“  – იხსენებდა სესილია თაყაიშვილი მხატვართან მუშაობას  (სპექტაკლი “რუი ბლაზი” )

მხატვრის მიერ განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი  -ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა .ელენე ახვლედიანის  სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები