ჯ. პატიაშვილის დაშიფრული დეპეშა №217/ш სკკპ ცენტრალურ კომიტეტს(1989 წ. 7 აპრილს 20 სთ 40 წთ)

საქართველოს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დაშიფრული დეპეშები. აღნიშნული დეპეშები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს ჯ. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის უსაფრთხოების არქივმა გადმოსცა. ეს დოკუმენტები თავის დროზე რუსეთის უახლესი ისტორიის არქივიდანაა აღებული.

ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს 1989 წ. 7 აპრილი შემოსული დაშიფრული დეპეშა №217/ш თბილისიდან, მიღებულია 1989 წ. 7 აპრილს  20 სთ 40 წთ.

სკკპ ცენტრალური კომიტეტი

„ბოლო დროს რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავდა მდგომარეობა. ის, პრაქტიკულად, გამოდის კონტროლიდან. საბაბად იქცა აფხაზეთის ასსრ სოფ. ლიხნში ა.წ. 18 მარტს გამართული შეკრება, სადაც დაისვა საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოს სსრ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. მაგრამ მოვლენები გასცდა აღნიშნულ ჩარჩოებს. ექსტრემისტული ელემენტები ამძაფრებენ ნაციონალისტურ განწყობებს, მოუწოდებენ გაფიცვებისკენ, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ, იწვევენ არეულობებს, ახდენენ პარტიული და საბჭოთა ორგანოების დისკრედიტაციას.

აუცილებლად მიგვაჩნია:

  1. დაუყოვნებლივ მიეცნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ის ექსტრემისტები, რომლებიც გამოდიან ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური, ანტიპარტიული ლოზუნგებითა და მოწოდებებით ამის (სამართლებრივი საფუძვლები არსებობს).
  2. შსს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დამატებითი ძალების მოზიდვით, თბილისში შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა (კომენდანტის საათი).
  3. მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო აქტივის ძალებით განხორციელდეს პოლიტიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა კომპლექსი.
  4. საკავშირო და რესპუბლიკურ საინფორმაციო მასობრივ საშუალებებში არ გამოქვეყნდეს პუბლიკაციები, რომლებიც გაართულებს სიტუაციას.

გთხოვთ თანხმობას 1, 2, 4 პუნქტებზე.

საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი

ჯ. პატიაშვილი”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები