“ცარიზმის რუსეთი სულს ხდიდა ქართველ მწერლობას” – ივანე ჯავახიშვილი

რას წერდა ივანე ჯავახიშვილი რუსეთზე?

“რა მიზეზი იყო, რომ დიდი რუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს, ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდეგაც მაინც “ქრისტეს მოყვარე” რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო!.. ქართველებს შორიდან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულ ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა. რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობასა და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული… როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადის ძლიერი სახელმწიფოების მძლავრებისაგან უკიდურესად შევიწროვებულნი. ამ დროს, ის, ვითომცდა კაცთმოყვარეობის გრძნობით აღსავსე, არწმუნებდა საქართველოს, რომ მუდამ მის დახმარებაზე ოცნებობს და მისთვის ზრუნავს. ასე იყო ხოლმე, სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო გეგმის მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც იგი განიზრახავდა, არ ჩაითრევდა. მაგრამ, რა წამს რუსეთს პირადი მიზანი მიუღწევლად მიაჩნდა, ან ომის გაგრძელებას თავისთვის ხელსაყრელად აღარა სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც…იმაზეც კი აღარ ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მისი წყალობით და მისი მოქმედებით წინანდელზე უფრო უარესსა და უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე.ერთი მხრივ ცარიზმის რუსეთი სულს ხდიდა ქართველ მწერლობას და ვინ გაბედავდა ოცნებას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნაზე და მის საზღვრების შემოხაზვაზე…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები