“არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ასეთი, რომ ამდენ ლანძღვად ღირდა” – მოგონებები სესილია თაყაიშვილზე

“ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი ისტორიაში სამეცადინოდ რეპეტიტორთან, სკოლის დამთავრების შემდეგ… 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი გეგეშიძის ბაღის უკან რომ კორპუსია იქ… ბარნოვის 142 ნომერია, მახსოვს დღესაც…

ლექტორი მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე და ამიტომ დილით მიბარებდა ხოლმე… მესამე თუ მეოთხე მეცადინეობაზე მივდივარ, ადრე მომივიდა მისვლა… მცხეთიდან დავდიოდი… ძალიან ადრე, დილაბნელზე გამოვდიოდი სახლიდან, ხან ადრე მიწევდა მისვლა და ხომ არ დავადგებოდი იმ პატიოსან ხალხს საწოლში თავზე… ხუმრობა ხომ არაა, ერთი აკადემიკოსი, ერთი პროფესორი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობდა იმ ოჯახში…

კორპუსის ეზოში “ბესედკა” იყო, იქ ვიცდიდი ხოლმე 9 საათამდე და მაშინაც იქ ჩამოვჯექი… ვეწევი ჩემთვის… ვფიქრობ ივანე მრისხანეზე და ოპრიჩნინაზე… გავიხედოთ, შემოვიდნენ ეზოში ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე. მთელი ღამის ქეიფი ეხატა სახეზე ორივეს… შემოდგომაა, “პლაშების” სეზონია …პლაშები აცვიათ ორივეს, თენგიზს – თეთრი, ზურას – შავი…

1980 წელია… დავინახე ეს ლეგენდა ხალხი ასე ახლოს და რაღაცნაირმა გრძნობამ ამიტანა, პირი გამიშრა და ხელები დამიბუჟდასავით,  რატომღაც… სამ მეტრში არიან ჩემგან… იმ კორპუსს პირველი სართული ეზოს მხრიდან დაბალი აქვს, ასე ერთ მეტრზე იქნება ფანჯრები ძირიდან… მიადგნენ ერთ ფანჯარას და ერთმანეთს ეუბნებიან, არა შენ დააკაკუნე, არა – შენო…

ბოლოს ორივემ ერთად დააკაკუნა. დაჭიმული ვარ მშვილდის ლარივით, მაინტერესებს, რა მოხდება, ვინ გააღებს ფანჯარას… როგორც იქნა ,გაიღო ფანჯარა და “მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თქვენ, თორემ მილიციას დავუძახებ ახლავეო”- სესილიაა! – აცხონოს ღმერთმა… მოცილდით ფანჯარას და არ დაგინახოთ აქ მოსულები მეორედო, ეჩხუბება სერიოზულად… ესენი ხარხარებენ და დაგვალევინე თითო ჭიქა შენი არაყი სესილიაო, ეხვეწებიან… არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა…

ლანძღა სესილიამ და ახვეწინა კაი ხანი. ის დრო იყო, სესილია რომ ავადმყოფობდა… აღარ იღებდნენ კინოში და მის წყევლას და ჩხუბსაც ის შიშხათი აღარ ჰქონდა უკვე… გისოსები ჰქონდა ფანჯარას, მახსოვს კარგად… არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და ხარხარი და ხვეწნა – აქედან… ბოლოს ფანჯრის შიგნითა რაფაზე დაუდგა გრაფინით არაყი და გაუშალა მისაყოლებელი სესილიამ… შეყოფდნენ გისოსებში ხელს, დაისხამდნენ, გამოწევდნენ ხელს, დაილოცებოდნენ და დალევდნენ… იქიდან სესილია იყო ფანჯარასთან მომდგარი და არ აკლებდა ,,ქათინაურებს”, აქედან ეს ორი ბუმბერაზი ეფერებოდა სასწაული სიყვარულის ენით…

ვუყურებდი და უცნაურ სიამაყეს და სითბოს ვგრძნობდი, რომ რაღაცა ძალიან დიდის და ძალიან ინტიმურის მონაწილე ვიყავი…
დავაგვიანე იმ დღეს რეპეტიტორთან ასვლა…”

ქართლოს მარჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები