„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, არჩევნების თემაზე სრულად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

„არჩევნების თემაზე სრულად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. არჩევნები არ დასრულებულა და მიმდინარეობს. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ წევრი მე-2 ტურში გავიდა, და ვეცდებით, სამართლიანობის სრული დაცვით, მან გაიმარჯვოს, ამისთვის  ყველა წინაპირობა არსებობს.

იქ სადაც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, მაქსიმალურად მივაღწიეთ იმას, რომ გავიყვანეთ კანდიდატები და მივიღეთ მანდატები. ჯერჯერობით ჩვენ 4 მანდატი გვაქვს და იმედია გვექნება 5 მანდატი. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ჩვენ წარმოვადგენთ  პარტიას, რომელიც შეიქმნა 6 თვის წინ.

ორიოდე სიტყვით მაინც უნდა ითქვას, რომ არჩევნების ამ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ მიღებულმა  საარჩევნო კოდექსმა, უმეტეს შემთხვევაში, გაამართლა. მან ასევე  აჩვენა ის, რომ  ბევრი რამ კიდევ დასახვეწია იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი საარჩევნო კოდექსი. კოდექსი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სხვა ქვეყნის კოდექსებში არ არის. მე მაქვს მხედველობაში ჩვენი მენტალიტეტი ჩვენი ადათ-წესი. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩვენ ვებრძვით ადათ-წესებს, არამედ ისეთი მექანიზმები უნდა ჩაიდოს, რომ მან ხელი არ შეუშალოს საარჩევნო პროცესების სამართლიანობას და კონკურენტუნარიანობას.

 რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შეხედულებით, ეს არის არჩვენების წინა პერიოდი, ანუ არჩევნების დღემდე , დღე ღამის ჩათვლით, ყველაფერი უნდა გაიწეროს და უნდა მოხდეს დარღვევების დიფერენცირება. დარღვევების, რომელიც არის მძიმე და შეიძლება იყოს მსუბუქი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ისეთი რამ ჩაიწეროს, რომ პარტია მოიხსნას არჩევნებიდან, ან ეს წესი უნდა იყოს გამარტივებული.

რაც შეეხება უკვე ჩატარებულ არჩევნების დღეს, მიმაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მიუხედავად უმნიშვნელო ხარვეზებისა, სადაც იყო მცდელობა გაყალბებისა, რომელიც ვერ განხორციელდა, და თუ მაინც მოახერხეს, ეს იყო ერთეული შემთხვევები.

კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა – 100-მეტრიან დაშორებას საარჩევნო უბნიდან. მან თავისი როლი შეასრულა, მაგრამ, ეს მეორეხარისხოვანია და, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დამკვირვებელთა ყურადღების გადასატანადაა.

ასევე, მინდა ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე და არა სიმტკიცეზე ვისაუბრო. სულ ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ხელისუფლება ბევრ შემთხვევაში უკან იყურება, სად  იყურება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბევრ შემთხვევაში ხელს უშლის. თუ ხელისფლება მტკიცედ არ დადგება სიმართლის სადარაჯოზე, მას ხალხის ნდობა გამოეცლება. როგორ უნდა ეგუებოდეს ხელისუფლება იმას, რომ დამნაშავეები თავისუფლად დასეირნობდნენ საქართველოში და მოგზაურობდნენ მსოფლიოში. ზოგიერთი კი, ჭკუას გვასწავლის და იმუქრება კიდევაც.

ერთი თანამდებობის პირი მაინც თუ დაისაჯა, რომელმაც ათეულობით მილიონი ზარალი მიაყენა ქვეყნას, როგორც ახლა, ისე წინა პერიოდში? თუ ვინმე დაისაჯა იმისთვის, რომ საქართველოს  ტერიტორიის 22%   დაკარგა? ვინ აგო პასუხი დაკარგულ ტერიტორიებზე? ვინ აგო პასუხი სვანეთში ამოწყვეტილ ოჯახებზე? და ამ დროს საინტერესოა 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც დაზარალებულის პოვნაც კი რთულია, ახალგაზრდები, რომლებსაც მე არ ვიცნობ, ციხეში სხედან, ხოლო ტერიტორიების დაკარგვაზე პასუხი არავის უგია.

განა, ეს არ არის სამართლიანობა?!

ის ახალგაზრდები იცავდნენ ჩვენს ადათ-წესს. შეიძლება რაღაც დაარღვიეს, მაგრამ ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს? ტერიტორიები დაგვაკარგვინეს?

ის ხალხი ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა ქუჩაში არიან და გვმოძღვრავენ კიდევაც და ის ახალგაზრდა ბიჭები , რომლებიც მთელი გულით და სულით ჩვენი ოჯახისა და ქვეყნის სადარაჯოზე იყვნენ, ციხეში უნდა იყვნენ?

დიდი მადლობა!“, – აღნიშნა ფრიდონ იჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები