“პოლონეთშიც საქართველოს იცავდა…“

“მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა,

პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა“ – ჯანსუღ ჩარკვიანი

79  წლის წინ – 1944 წლის 14 სექტემბერს , პოლონეთში, ვარშავის  აჯანყების დროს  16 წლის ქართველი გოგონა – ირინა სხირტლაძე ფსევდონიმით „ირკა“  დაიღუპა, ქართველი გოგონა მეორე მსოფლიო ომის დროს ,,პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი იყო. ირინა სხირტლაძე კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრის – კაპიტან არკადი სხირტლაძის ქალიშვილი იყო. დედა პოლონელი ჰყავდა. ირინა სამშობლოს – საქართველოს მხოლოდ შორიდან და ოცნებებში იცნობდა… 1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი გახდა. ბატალიონთან ერთად 16 წლის გოგონამ  ბრძოლის დიდი და რთული  გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე. სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის. იგი ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ  იმ დროს იმსხვერპლა, როდესაც ირინა მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსისთვის დახმარების  აღმოჩენას ცდილობდა.

ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი“ ჯილდო 1920 წელს  პოლონეთის დაცვის საბჭომ  დააწესა.

ცნობილმა ქართველმა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ირინა სხირტლაძის გმირობის ამბავს ლექსი „ირინოლა“ მიუძღვნა, რომელიც ქართველმა მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა.

„აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები