4 თებერვალს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

დღეს, 4 თებერვალს დიდი ქართველი მეცნიერის, კოტე (კონსტანტინე) წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. სწორეს ამ თარიღს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი ლაშა ჟვანია და სოციალ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამ წერილს უცვლელად.

“გასული საუკუნის 30-იან წლებში ქუთაისში ებრაელთა დასახლება დაიწვა. ნაწილმა ვერაფრის გადარჩენა შეძლო. მხოლოდ ტანისამოსის ამარა დარჩა. მათ მეზობელ ქართულ ოჯახში 7 წლის ბიჭი იზრდებოდა, რომელიც, ამ ტრაგედიის ხილვის შემდეგ, თანატოლებთან ერთად ყოველ დილით გადიოდა ქუთაისის ქუჩებში და კეთილი ხალხისგან, ერთ დღეს დალხენილად მცხოვრები ებრაელი ოჯახებისთვის, დახმარებას აგროვებდა.

შემდეგ, ეს ბიჭი თბილისში გაემგზავრა, სასწავლად. 1942 წელს, 21 წლის იყო, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მიმართა, რათა საქართველოში დაფუძნებულიყო ებრაისტიკის კათედრა. საბჭოთა ბიუროკრატიის მარწუხების მიუხედავად, ქართველი მეცნიერების მხარდაჭერით, მიაღწია და ევროპის კონტინენტზე ებრაელთა დევნისა და წამების, ყოველგვარი ებრაულის წალეკვის პერიოდში, ისრაელის სახელმწიფოს აღდგენამდე 4 წლით ადრე, 1944 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა ებრაული ენის და ებრაისტიკის კათედრა.

ჭაბუკი მეცნიერი ენთუზიაზმით შეუდგა ქართველი სტუდენტებისთვის ებრაელი ერის ისტორიის და ბიბლიის ენის სწავლებას. მოგვიანებით მან და ქართველმა მეცნიერებმა მიაღწიეს საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებას, სადაც ებრაული ენის სწავლება დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც ის ახერხებდა სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებას ქართველ და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ სწავლულებს შორის. 83 წელს უდიდესი ტრაგედია შეემთხვათ, მისი და მისი ერთგული მეუღლის სიყვარულის ერთადერთი ნაყოფი, 22 წლის ვაჟი, უნიჭიერესი მხატვარი, სოსო, სასამართლოს განჩინებამდე საპატიმროში გარდაეცვალათ.  ამაზე მაღლაც შეძლეს დადგომა. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე ჩანდა. ღრმა სულიერი ტკივილი მხოლოდ მისთვის იყო. გარეშემომყოფებზე თავს მოხვევა არ სჩვეოდათ.

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოსაც მოესწრო. კიდევ უფრო დიდი მხნეობით და შემართებით შეუდგა ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებას. მისთვის და ქართველებისთვის საყვარელი ერის, ებრაელების ათასწლეულების შემდეგ აღდგენილ სახელმწიფოშიც შეძლო ჩასვლა. უფრო მეტიც – მადლიერმა ქართველმა ებრაელებმა 80 წლის იუბილე ისრაელში აღუნიშნეს. მეც ამ ამაღლებული, სიყვარულით და პატივისცემით სავსე დღეების მონაწილე ვიყავი. მისთვის იუბილეს მილოცვაში ერთმანეთს ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეჰუდ ბარაკი ენაცვლებოდნენ. ღრმად სჯეროდა, რომ ებრაელებს ეკუთვნოდათ საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა, ხოლო საქართველოს – კვლავ გათავისუფლება.

ის დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და დამოუკიდებელ საქართველოში გარდაიცვალა.

დღეს, 4 თებერვალს დიდი ქართველი მეცნიერის, კოტე (კონსტანტინე) წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

თბილისში, უზნაძის #2-ში მისი და სოსოს სახლი-მუზეუმია.

დღეს ამ თბილ მუზეუმში ისრაელის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მივიწვიე  და  იქ გავიხსენეთ ბატონი კოტე, ქალბატონი ლეილა და “ჯინსების თაობა”. მადლობა ქალბატონ ნინო სანადირაძეს.

დღეს განსაკუთრებით მინდა ამ საქმეში ისრაელში საქართველოს პირველი  ელჩის, ბატონი რევაზ გაჩეჩილაძის დამსახურება აღვნიშნო და მადლობა ვუთხრა ჩვენს ქართველ ებრაელებს – ბატონ ელი მიხაელის, ბატონ შაბთაი ცურს, გერშონ ბენ ორენს, კონსტანტინე ლერნერს და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ბევრ სხვა მოამაგეს. ქალბატონი თამარ მამისთვალოვი მინდა გავიხსენო ბატონ კოტესთან ერთად…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.