ახალი ამბები განათლება ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი

1885 წლის 10 იანვარს ექიმი, მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი დაიბადა

1885 წლის 10 იანვარს, სოფელ ვეჯინში,  ღარიბი მღვდლის, სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში ივანე ბერიტაშვილი დაიბადა.  სოლომონსა და მის მეუღლეს, სალომე სამჭკუაშვილს, 12 შვილი ჰყავდათ, ივანე მეთერთმეტე იყო.

თავდაპირველად ივანე თელავის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. იქ გეოგრაფიას მწერალი ვასილ ბარნოვი ასწავლიდა, სიმღერას კი – კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი. მოგვიანებით ივანე თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. რადგან რუსული არ იცოდა, კარგა ხანს ნიშნად ერთიანებს უწერდნენ. თავის დღიურში ივანე ბერიტაშვილი იხსენებს – „გრეკოვმა, შემოვიდა თუ არა, აათვალიერ-ჩაათვალიერა კლასი. მე გაკვეთილი არ ვიცოდი და როცა მიზეზი მკითხა, ვუპასუხე: „კნიგა ნეტუ“. აბა, იმისთანა სიცილი აუტყდათ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, მეტი არ შეიძლება, ჩემი რუსული რომ გაიგონეს“.

ივანე ბერიტაშვილმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დატოვეს კათედრაზე და მიავლინეს ქ. ყაზანში სიმიანი გალვანომეტრით ბიოდენების აღრიცხვის მეთოდიკის ასათვისებლად, ხოლო 1914 წელს ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდია) თბილსისხლიან ცხოველებზე მუშაობის მეთოდების შესასწავლად. 1915 წელს გადადის ოდესის უნივერსიტეტში, სადაც პრივატ-დოცენტის წოდებით იწყებს კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალური კურსის კითხვას. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში და აირჩიეს პროფესორად ფიზიოლოგიაში. 1960 წლამდე იგი განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრას, მაგრამ სიცოცხლის დასასრულამდე აგრძელებდა მისი კოლექტივის მეცნიერულ ხელმძღვანელობას.

1934-1951წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მაგრამ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

იყო ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ.

ივანე ბერიტაშვილს, ერთი პერიოდი, საბჭოთა ხელისუფლება არ სწყალობდა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან დაითხოვეს.

ამ პერიოდში მან წიგნზე მუშაობა დაიწყო, რომლის ილუსტრაციებზეც ლადო გუდიაშვილმა იმუშავა.

ივანე ბერიტაშვილი მოკლე წვერს ატარებდა. თელავის ბაზართან მეწაღეები ისხდნენ ხოლმე. როცა აკადემიკოსი ჩაივლიდა, ეგრევე კიკინს ატეხდნენ, თან გაიძახოდნენ, წვერებცანცარა მოდისო. ბერიტაშვილი ყოველთვის ხალისობდა ამ მეწაღეებზე, თავისი წვერი კი ძალიან მოსწონდა.

ივანე ბერიტაშვილი  1974 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა . იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოშია დაკრძალული.

სხვა სიახლეები

„საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ – გამოფენა  მინსკში იმართება

Editor

იოსებ ყიფშიძის სიტყვა უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაზე – 1918 წლის 8 თებერვალი

Editor

23 აგვისტოს დაიბადა კომპოზიტორი სულხან ცინცაძე

Editor

ზუგდიდი კოლხური ღვინის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

Editor

შქმერულით მარკეტების მსხვილი ქსელი Lawson- ი დაინტერესდა

Editor

,,ძალიან ბევრი ქალბატონი დარჩა უსამსახუროდ“- რა პრობლემები ექმნებათ ყველაზე ხშირად იტალიაში არალეგალად მყოფ მიგრანტებს

Editor