“ასეთი საწყალი ხასიათის კაცი იყო, მხოლოდ ძალიან ალალ მართალი და სწორე კაცი” – მოგონებები ფიროსმანზე

ნიკო ფიროსმანი გენიოს ხელოვანთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, ნამუშევრებით რომ გამოხატავენ საკუთარ თავსა თუ ცხოვრებას და ბიოგრაფიული მონაცემების სიმცირე კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათ პიროვნებასა და შემოქმედებას. ეს მცირე ფრაგმენტი ნიკალას ცხოვრებიდან 1925 წელს, გაზეთ “ჩირაღდანში” გამოქვეყნებულა, წერილში მედუქნე ბეგო ეგიევი მხატვრის მუშაობის პროცესზე ყვება: 

„ახალი ცნობები ნიკო ფიროსმანის შესახებ“, „ჩირაღდანი“, 1925 წ. |

„ნიკალაი რომ დილით დუქანში შემოვიდოდა, სალამის შემდეგ ჯერ არყის ბაჩონკასთანმოვიდოდა, ხელს დაჰკრავდა, გაშინჯავდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ არაყი იყო, მაშინ მეტყოდა, აბა, ერთი „თლაშოი“ [შაურიანი არყის ჭიქა] დაასხი. მეც დაუსხავდი, შემდეგ მეორეს, მესამეს და მას მერე შეუდგებოდა ხატვას.

მისი მუშაობა შემდეგ ნაირი იყო: ჩვენ უყიდდით საჭირო ტილოს, წებნაკს, ფერადებს. ნიკალაი პირველ დღეს დაიწყებდა სურათის ხატვას. წაიმუშავებდა ცოტას, შემდეგ მოვიდოდა დახლთან:

„აბა მეგობარო, ერთი დაასხი“, – გადაჰკრავდა და კვლავ დაიწყებდა მუშაობას;

ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიმეორებდა, გადაჰკრავდა, შუბლზე ხელს გადაისვამდა, ჩაფიქრებული გაივლ-გამოივლიდა, შეხედავდა სურათს და კვლავ იწყებდა ხატვას, ასე რომ მთელი დღის განმავლობაში დალევდა 25 არაყს მაინც.

მხოლოდ იყო მეტად მშვიდი, არავის არ აწყენინებდა. ამასთან, მეტად გულკეთილიც იყო. ხშირად, როდესაც ნიკო ჩემს დუქანში მუშაობდა, ღამითაც აქ ეძინა ხოლმე. საკმარისი იყო მისთვის გეჩვენებინა რომელიმე საგანი და გეთქვა – ნიკოლაი, აბა ეს დახატეო, რომ ნიკოს საოცარის სინამდვილედ გადაეღო ტილოზე იგი.

ერთხელ, გაზაფხულზე, დილით, როდესაც ნიკო ჩემს დუქანში იყო და გამზადებული ჰქონდა „კლიონკა“ დასახატად, სწორედ ამ დროს ჩამოიარა ურემმა, რომელშიც სოფლელები ისხდნენ და თელეთს მიდიოდნენ სალოცავად. ურემს ჭრელ ფარდაგ გადაფარებული ჩარდახი ედგა, კოფოზე პატარა ბიჭი უჯდა, წითელ ხალათა. ურემზე ცხვარი იყო დაკრული, უკან ლოგინითსავსე მაფრაშა იდო, შიგაც ორი „საკალბასე“ [„ე.ი. მოხუცები“] იჯდა. ჩარდახის მოკაუჭებულჯოხზედაც წყლის ლიტრა ეკიდა, აგრეთვე ნავთის ჭურჭელი.

მე ეს ძალიან მომეწონა და ნიკოს უთხარი – „აბა, ნიკალაი, ეს ურემი თავისი ხარებით დახატე მეთქი.

ნიკომ მაშინვე გამოიხედა გარეთ, დაინახა ურემი, დააცქერდა და გაბრუნდა. კუთხემდე რომ მივიდა, ისევ გამობრუნდა და ერთიც გამოჰყურა ურემს, შემობრუნდა, ხელით მანიშნა დამისხიო, გადაჰკრა და ხმა ამოუღებლივ შეუდგა სურათის ხატვას გაჩქარებით და როდესაც სურათი დაასრულა, ღმერთმანი, პირდაპირ გავოცდი. კაცო, ისე როგორ დაამზგავსანამდვილს… ვა, როგორცა ვნახე, ისე იყო, წითელ ხალათა ბიჭი, ჭრელი ფარდაგი, მაფრაშ, ორი „საკალბასე“ ისევე, როგორც ისხდნენ. ლიტრა და შენ იფიქრე, ხარებს შუბლზე რა ფერის ნიშანი ჰქონდათ ისიც კი იყო დახატული!

ნიკალაი ჩემთან ორი წელიწადი მუშობდა დრო გამოშვებით, მაგრამ არ მახსოვს, რომ იმას ჩემთვის ფული ეთხოვოს. სჭამდა, სვამდა და ეს იყო. სურათებში ფულს არ თხოულობდა, მხოლოდ როდესაც ვნახავდით, რომ მას ან ტანთ აკლია ან ფეხთ, მაშინ ჩვენი სინიდისითუყიდდით ხოლმე შალვარს, ძველ ფიჯაკს, საცვლებს, ფეხსაცმელებს და სხვა. ისიც ძალიან მადლობელი იყო.

აი ასეთი საწყალი ხასიათის კაცი იყო, მხლოდ ძალიან ალალ მართალი და სწორე კაცი. მარტოკა რომ დაგვეტოვნა დუქანში და მთლად ოქროები გაგეშალა იქ, არა დაიკარგებოდა რა. საწყალი ნიკალაი. გავიგე, რომ მგონია, მომკვდარა.

უნდა გითხრათ, რომ იმის ნახატი სურათები ბევრს მოსწონდა. აი უცხოეთიდან რომ ჩამოდიან ხოლმე ქვეყნების სანახავად, ფრანცუზები, ერთხელ იმათ გამოიარეს ჩემს დუქნის წინ, რამდენიმე წლის წინეთ. შემოიხედეს დუქანში და ნახატები დაინახეს, მერე შემოვიდნენ, დაწვრილებით გასინჯეს, მოეწონათ, მთხოვეს მოგვყიდეო, მე რაც დაუფასე მომცეს და რამდენიმე სურათი წაიღეს. ამ სურათებზე იყო დახატული ციხეები, კოშკები და სხვა. შემდეგ ამ ექვსი წლის წინად მოვიდა ჩემთან ერთი პირი და დანარჩენი სურათებიც იმან იყიდა. არ ვიცი, მგონია, მუზეუმისთვის გვინდაო, სწორედ აღარ მახსოვს.

ასე დაამთავრა ბეგო ეგიევმა თავის მოგონება ნიკო ფიროსმანზე…“

წყარო: ციფრული სტამბა, მადათოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.