დღეს გიორგობაა – 23 ნოემბერი წმიდისა დიდმოწამისა გიორგი კაბადოკიელის ხსენების დღეა

23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს).

   წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, იგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა.

დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული.

წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება.

წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები