28 ოქტომბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცენატი, დავით სარაჯიშვილი დაიბადა

ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და დიდი ქველმოქმედი, დავით სარაჯიშვილი 1848 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა.  

1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 წლებში ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. შემდეგ  გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდათექვსმეტი წლის იყო, როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის, ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. 1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს, მისივე ინიციატივით, მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსადა სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.

სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

სარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და პირადად ნოე ჟორდანიას. მას მიაჩნდა, რომ ქართული ბურჟუაზია არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან.

დავით სარაჯიშვილის ანდერძის თანახმად, ქონება – სამი მილიონი მანეთი შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

  • 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას;
  • 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად;
  • 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას;
  • 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას;
  • 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად;
  • 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკაზის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
  • 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად;
  • 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას;
  • 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ  ახალშენთადა თავშესაფართა საზოგადოებას.
  • 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
  • 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
  • 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად;
  • 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიოსკოლის დასაარსებლად და შესანახად;
  • 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას;
  • 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს;
  • 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთასაზოგადოების სადგურს ოდესაში;
  • 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები