მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს 

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა, ყოველწლიურად 14 ოქტომბერს მცხეთაში აღინიშნება. ეს დღესასწუალი დაწესებულია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსადა სვეტისა ღმრთივბრწყინვალისადა მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ქრისტიანული გადმოცემით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტადა სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითადა უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ, მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები