ახალი ამბები ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი

“არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა” – 10 ოქტომბერი ტერენტი გრანელის გარდაცვალების დღეა 

 

ტერენტი გრანელი დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში დაიბადა. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია.

დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ.

უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში.

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:

„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“  და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ.

1921 წელს რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა – დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები, რაც ინტელიგენციასაც შეეხო. ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული. იგი ხმამაღლა უარყოფს „პარტიულ პოეზიას“. ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს. ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -„1921“, „პოეზია“, „ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს“ და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით.

როგორც ცნობილია, გრანელს არც ერთი ლექსი არ მიუძღვნია „წითლებისათვის“. მისი პოეზიის თემები, მოტივები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტად, მავნებელ პოეტად და დაიწყო მისი შევიწროება. პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს, მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო. არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო „გაფრენილი დღეები“, თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა  იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და „MEMENTO MORI“(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა.

„…ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმასამუდამოდ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში,“

“არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა”

  – წერია პოეტის საფლავზე. 

 

სხვა სიახლეები

ქართულ – იტალიური კულტურული ორგანიზაცია ‘’Bottega del Teatro” კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიას იწყებს

Editor

აჭარისა და ბათუმის სარეკლამო ვიდეორგოლები ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიის ეთერით გადაიცემა

Editor

14 ივნისს გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

Editor

29 მარტს ანსამბლი ”არსიანი” მინსკში კონცერტს გამართავს

Editor

ბულგარეთში ქართული ანბანის, კალიგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მიმდინარეობს

Editor

“ფორსაჟი 9-ის” თრეილერში საქართველოში გადაღებული კადრები გამოჩნდა

Editor