“სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო” – ქართველი მთამსვლელების გმირობა და 8-დღიანი ძებნის შემდეგ გადარჩენილი მოლაშქრეები

მიხეილ ხერგიანი, ქართველი ალპინისტი, რომელსაც ინგლისის დედოფალმა კლდის ვეფხვი უწოდა, საერთაშორისო კლასის ოსტატი და დამსახურებული საბჭოთა სპორტსმენი იყო. გარდა მრავალ შეჯიბრში გამარჯვებისა, მის სახელს მთაში სამაშველო ოპერაციებში მრავალი ადამიანის გადარჩენა უკავშირდება. ერთ-ერთ ასეთ ისტორიაზე ფეისბუქის მომხმარებელი, თამრო ოქრუაშვილი წერს:

1959 წლის იანვარში გროზნოდან მთებში წავიდა 9 ადგილობრივი მოლაშქრე. დაიწყო თოვა. 6 უკან დაბრუნდა მოყინული ფეხის თითებით, ხოლო სამი – ორი ბიჭი და ერთი გოგო, დაიკარგნენ. 4 დღე გადაუღებლად თოვდა.

მათ საძებნელად წავიდა 3 ადგილობრივი ჩეჩენი მონადირე და 10 ჩეჩენი ალპინისტი. ისინიც დაიკარგნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა საკავშირო ძებნა და ჩეჩნეთის ამ ხეობაში თავი მოიყარა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტთა ჯგუფმა, მათ შორის იყო სამი ქართველი – მიხეილ ხერგიანი, უმცროსი, მიშა ხერგიანი და იოსებ კახიანი. ჯგუფი შეუყვა ხეობას, ექვსი საათის შემდეგ მათ შეხვდათ 10 ჩეჩენი ალპინისტი, რომლებმაც უთხრეს რომ უკან გაბრუნდით, ჩვენ უღელტეხილამდე ვერ ავედით, დიდი თოვლია, ვერც მონადირეების ვერ გავიგეთ ვერაფერი და ვერც დაკარგული მოლაშქრეებისო. აზრი არ აქვს, ყველანი თოვლში იქნებიან დამარხულებიო.

ჯგუფმა მაინც განაგრძო გზა და უღელტეხილამდე მისვლამდე დაკარგულ მონადირეებს შეხვდნენ, რომლებმაც ასევე უთხრეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ზვავებია და ყველანი ჩაიმარხებით და ვერც ვერავის იპოვითო. ერთი მოხუცი ჩეჩენი მონადირე მუხლებზეც დაუდგა მიხეილ ხერგიანს, ახალგაზრდები ხართ, მეცოდებით, დაიღუპებითო. ჯგუფმა მაინც გააგრძელა გზა, თუმცა უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა. მხოლოდ სამმა ქართველმა განაგრძო გზა, გაიარეს რთული მონაკვეთები, ზვავიც მოწყდა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიაღწიეს ადგილს, საიდანაც დაკარგული მოლაშქრეების კარავი იდგა.

რვა დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ ამ კარავში გადაუღებელ თოვლში ეს მოლაშქრეები. ქართველი ალპინისტების მისვლიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შეძლეს მათ ხმის ამოღება. დღიურში დაეწერათ, სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო. პატარა პურის ნატეხიც ჰქონდათ დარჩენილი და როდესაც მიშა ხერგიანმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჭამეს, ბიჭებმა თქვეს, ჩვენ გვინდოდა გოგოს შეეჭამა, მან კი უჩვენოდ არ ჭამაო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.