“თფილისელ მუზიკანტების ანსამბლი ფილადელფიას მიემგზავრება” – მუსიკოსების გასტროლის ამბავი 1876 წლის “დროებაში” 

ქართველის “მუზიკამნტების” გასტროლის ამბავს მკითხველს “დროება” 1976 წელს უყვებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენად იშვიათი იყო იმ დროში საქართველოდან, სტამბოლისა და ევროპის გავლით, ფილადელფიაში ჩასული მუსიკოსების ამბავი. გამოცემას მათი გამოსვლების შესახებ სხვადასხვა ქალაქიდან პერიოდულად ატყობინებდნენ: 

‘ესე ამბავი თფილისელი მუზიკანტებისა, მეჭიანურე ჭიპრო იოანესი, კარგი ცეკვა-სიმღერის მცოდნე ქალის – ტასიკოსი და მათისანტრეპრიონერის“ 

„ჩვენ გავიგონეთ, რომ თფილისის მცხოვრებლების კარგი ნაცნობი მეჭიანურეჭიპრო იოანე რამდენიმე თავის მომხრეებით და ერთის ჩვენებურის ქალით, რომელმანც კარგი სიმღერა და ცეკვა იცისო, ამ დღეებში ამერიკაში აპირებს წასვლას, ფილადელფიის გამოფენაზედო

ამ ტრუპპამ, როგორც ამბობენ, გზაზედ სტამბოლს, პარიჟს და სხვ. ქალაქებში რამდენიმე კონცერტი უნდა გამართოსო. როგორ მოგწონთ ეს ამბავი?!“

„თფ. მოამბე“ გვატყობინებს, რომ უ. მ. ბეთანელს, რომელიც ჩამოვიდა აქ ამერიკიდამ ამ ორი თვის წინეთ, შეუდგენია ორკესტრი ჩვენი ადგილობრივი მუზიკანტებიდგან და ფილადელფიაში წაუყვანია. გზაზე სტამბოლში კონცერტი მიუციათ და ბლომათ გაუსუქებიათ ჯიბეებიო.“

სტამბოლიდამვე გვწერს უფ. მ. ბეთანელი, რომ მე ჩემის ქართულის ტრუპპით ამ მოკლე ხანში ვენას მივდივარო, იქიდამ პარიჟს გავივლით და პარიჟიდამ ლონდონს, საიდამაც პირ-და-პირ ამერიკაში უნდა წავიდეთ, ფილადელფიის გამოფენაზეო.

ხსენებულ ქალაქებში უფ. ბეთანელი კონცერტების გამართვას აპირებს.“
„ჩვენ მივიღეთ პარიჟიდამ ამბავი, რომ უფ. ბეთანელს თვის ტრუპპით გაუვლია ამ ქალაქში და ერთი კონცერტი გაუმართავს. ერთი კონცერტიც მონპელიეშიდ გაუმართავს. არაფერს ამბობენ იმაზედ: მოეწონათ თუ არა პარიჟელებს ქართული ზურნა და ტასიკოს ლეკური.“ „ამ დღეებში ქალაქში დაბრუნდა უფ. მ. ბეთანელის ტრუპპა „აზიელი მოსაკრავეებისა“.

მოგეხსენებათ, რა საიდუმლოებით წავიდნენ აქედამ ამ სამი თვის წინათ, შემდეგ რა ბაქი-ბუქითა და ამბით მისცეს სტამბოლში კონცერტი! ვენაში სამსახროთ აიგდეს და შემდეგ მონპელიეში და სხვა ქალაქებში საქმე იქამდინ მივიდა თურმე, რომ კინაღამ ცემით გამოჰყარეს თეატრიდამ

თვითონ უფ. მ. ბეთანელი გამოდიოდა თურმე სცენაზე, ჩერქეზულ ტანისამოსში და ჩუსტებში ჩაცმული, ლეკურს თამაშობდა, მაგრამ არც ამან უშველა-რაო.

ბოლოს ანტრეპრიონერმა გადასწყვიტა, რომ ამისთანა საქმით ამერიკაში მე ფულს ვერ მოვიგებო და მარსელიდამ გამოისტუმრა (ამბობენ, მიატოვაო) თავის მშვენიერი ქართველი ქალი ტასიკო და ორი სხვა დამკრავები. ახლა, როგორც მოგახსენეთ, აქ ჩამოვიდნენ, ვიღაც სომხის ვაჭრების წყალობით, და როგორც ამბობენ, კბილების დაუკრაჭუნებლად ვერ მოგიონებენ თავიანთ ანტრეპრიონერს…“

[გაზეთი „დროება“, 1876 წ.]

წყარო: მადათოვი                                                       გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები