1920-იან წლებში ემიგრაციაში წასული ქართველის უნიკალური ბაღი კანადაში – “Abkhazi Garden”-ის ისტორია

“აფხაზების ბაღი” არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია, რომელიც შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი თავად ნიკოლოზ აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული.

ამ სილამაზის შემოქმედი ქართველი ემიგრანტი, ნიკოლოზ აფხაზია, რომელსაც 1920-იან წლებში იძულებით ემიგრაციაში წასვლა მოუწია, კანადაში გადასვლის შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად, თაობებს ულამაზესი ბაღი დაუტოვა.

ნიკოლოზ აფხაზი 1899 წლის 14 მაისს დაიბადა თბილისში ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის ოჯახში.

ნიკოლოზ აფხაზის წინაპრები დიდგვაროვანი აფხაზი თავადები  – ანჩაბაძეები იყვნენ, რომელთაც აფხაზეთი მუსლიმანთა მოძალებისას XVII საუკუნეში დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში დასახლდნენ. ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული. მათ აფხაზის ფსევდონიმი დაიმკვიდრეს.

ნიკოლოზ აფხაზმა 1918 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათვადაზნაურო გიმნაზია. 1918-1921 წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზი და ელენე საფრანგეთში გაიხიზნენ და მოუთმენლად ელოდნენ კოტეს ჩასვლას…

საქართველოში დარჩენილი კოტე აფხაზი კი შეურიგებლად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1922 წელს, ხევსურეთისა და სვანეთის აჯანყებების დამარცხების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებლობის კომიტეტს და მისი ინიციატივით შექმნილი კომიტეტის სამხედრო ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევდა საყოველთაო–სახალხო ეროვნული ამბოხების მომზადებას. 1923 წლის თებერვალში კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის 14 წევრი დააპატიმრეს. 14 მაისს საშინელი წამების შემდეგ ყველანი დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

მამის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ, პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თავადვე ეზრუნა მომავალზე. 1926 წელს პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო დოქტორის ხარისხი, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა საადვოკატო პრაქტიკა. ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები, მათ შორის ამერიკელი ცოლ–ქმარი კელები. მათ ნიკოლოზ აფხაზს სამეურვეოდ მიანდვეს შესანიშნავი კარ–მიდამო და 120 ოთახიანი სასახლე, სადაც II მსოფლიო ომამდე დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ნიკოლოზ აფხაზი და დედამისი ქართული სათვისტომოს აქტიური წევრები იყვნენ. ელენე მეგობრობდა ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟის ჯამლეთის ნათლიაც გახდა.

1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გახდა გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით გაშლილი “საფრანგეთის წინააღმდეგობის” მოძრაობის აქტიური წევრი. იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენით. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა, იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში. ამ ამბავმა მოუსწრაფა სიცოცხლე ელენეს. ნიკოლოზი ტყვეობიდან 1944 წელს განთავისუფლდა. 1946 წელს კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.

1921 ნიკოლოზ აფხაზმა პარიზში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერი ), რომელსაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. პეგი 3 წლის ასაკში დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბოლოოდ ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა, მამობილის გარდაცვალების შემდეგ, დედობილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მას მიმოწერა ჰქონდა ნიკოლოზთან, მეგობრობდა და როცა პარიზში ჩადიოდა, ხვდებოდა.

1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი და პეგი ნიუ–იორკში დაქორწინდნენ და დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს კანადის მკაცრ კლიმატურ პირობებში. ცოლ–ქმარი 40 წელი ატარებდა ექსპერიმენტებს, აახლებდა და ალამაზებდა ბაღს, რომელიც პეგის სიტყვებით “სიყვარულით აშენდა”.

ნიკოლოზ აფხაზი საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა. გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს, პეგი – 1994 წელს. ანდერძის თანახმად, კრემაციის შემდეგ, მათი ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს.

აფხაზების გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთ–ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელ ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა. 2000 წლის 17 თებერვალს ბაღი გამოისყიდა ბრიტანეთის კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ. “აფხაზების ბაღი” დღესაც ცოცხლობს.

აფხაზების ცხოვრება აღწერა კატერინა გორდონმა წიგნში “უცნაური ცხოვრება”, სადაც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ბაღისა და მისი პატრონების ისტორია.

ნიკოლოზ აფხაზსა და მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერს შთამომავლობა არ დარჩენიათ.

ავტორი : ლელა ნინუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები