“პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს”- ქართველი ემიგრანტი მხატვრის ისტორია

ვერა ფაღავას ბაბუა – მექი ფაღავა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელი იყო. ბებია – დარია ფაღავა “ვეფხისტყაოსნის” ქალი პერსონაჟების ხატვისას მიხაი ზიჩის ერთ–ერთი მუზა გახლდათ. მათი ხუთი შვილიდან უფროსის, იური ფაღავასა და პირველი გიმნაზიის დირექტორ ალექსანდრა ნანეიშვილის ოჯახში დაიბადა მომავალი მხატვარი.

ვერას მშობლებს განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული. იური ფაღავამ იურიდიული ფაკულტეტი გერმანიაში დაამთავრა. 1920-21 წლებში დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებული ავადმყოფობამ შეაწუხა და 1922 წელს სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა ცოლ–შვილთან ერთად. როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ…

1923 წელს ოჯახი გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ნიჭიერი გოგონა თავდაპირველად დეკორაციულ ხელოვნებათა სკოლაში დადიოდა, სადაც მას ლექციებს იმ დროისთვის პოპულარული მხატვარი და სკულპტორი, ანდრე ლიოტე უტარებდა. შემდეგ იყო ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნო, 1934-39 წწ–ში კი რანსონის აკადემიაში როჟე ბისიესთან სწავლობდა. სავარაუდოდ ბისიეს გავლენა იყო, როცა მოგვიანებით ვერა ფაღავა ეკლესიის ფანჯრების ერთ–ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა.

ვერა ფაღავა საფრანგეთში 1944 წელს გაიცნეს. გამოფენაში პიკასოს ცოლი, დორა მაარიც მონაწილეობდა, გალერისტ ჟან ბიუშეს, რომელმაც 20-იან და 30-იან წლებში ბევრი ცნობილი ფრანგი შემოქმედი გამოიყვანა ასპარეზზე, დიდი წვლილი მიუძღვის მხატვრის ტალანტის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში. ერთ–ერთ წერილში ბიუშე, რომელიც ფაღავას ფენომენით გაოცებულია, წერს: “პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს”… გამოფენის წარმატებამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედებით პარიზის სახელოვნებო წრეების დაინტერესებას. ბიუშეს გალერეაში ვერა 60-იან წლებამდე დარჩა, მისი ნახატების პერსონალური გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო, მაგრამ მხოლოდ მხატვრობით თავის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 30-იანი წლების ფინანსურმა კრიზისმა ფაღავების ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა და ვერა, თავი რომ გაეტანათ, მთელი ცხოვრების მანძილზე სულ რაღაცას საქმიანობდა. 30-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა, ხან ქსოვდა. 1940 წელს მედდის განათლება მიიღო და დაჭრილებს უვლიდა, 70-–იანი წლებიდან თავის რჩენა უკვე საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვით დაიწყო, მაგრამ არც ნახატებიდან შემოსული თანხა იყო პარიზში ცხოვრებისათვის საკმარისი. მითუმეტეს თავისი ნაშრომი არ ეთმობოდა, გრავიურებს საერთოდ არ ყიდდა.

ფერწერის პარალელურად ფრესკულ ხელოვნებას ნაზიარები მხატვარი პარიზში მენილმონტანის და ავე მარიას ქუჩებზე საბავშვო ბაღებისთვის ქმნის მონუმენტურ–დეკორატიულ პანოებს, აკეთებს ვიტრაჟებს დიჟონის სენტ–ჟოზეფის ეკლესიისთვის, ქსოვილის დიზაინსაც ასრულებს, მხატვრულად აფორმებს ტერეზ ავილელის, პიერ ლეკიურის ლექსების კრებულებს, მილა გაგარინის პოემებს… თავად ვერას არ უყვარდა საკუთარ ხელოვნებაზე საუბარი. ამბობდა, ნახატი იმისთვისაა შექმნილი, რომ უყურო, ხელოვნებას ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ის თავად ამბობს თავის სათქმელსო. 1958 წელს ვერა ფაღავამ რომის პაპ, იოანე XXIII–გან სპეციალური ოქროს მედალი მიიღო, ხეზე შესრულებული ფრესკა–პანოსთვის “ამაღლება”. მსოფლიო გამოფენისთვის შეკვეთილი ეს ნახატი დღეს გალერეა “დარიალში” ინახება და ახლო მომავალში აპირებენ, ვატიკანს გადასცენ.

1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალაზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა, მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. ამ გამოფენამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედების ევროპის ქალაქებში გატანას. მისი ნამუშევრების მოძრავი რეტროსპექტივა მოგზაურობს დიჟონის, ტრუას, ბოვეს, რეიმსის, მონრუჟის ხელოვნების მუზეუმებში.

1972 წელს პარიზში ლირიკული აბსტრაქციონისტის, ვერა ფაღავას გამოფენით იხსნება გალერეა “დარიალი”, რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველს, ვერა ფაღავას ბავშვობის მეგობარ თამარ წულაძეს ეკუთვნოდა. მხატვარი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე თანამშრომლობდა ამ სამხატვრო გალერეასთან. მისი გარდაცვალების შემდეგ თამარ წულაძის ქალიშვილმა ელისო ტარასაშვილმა პარიზში გამოსცა ალბომი, რომელშიც ნამუშევრებთან ერთად ქრონოლოგიურად არის ასახული ვერა ფაღავას შემოქმედება 30-იანიდან 80-იან წლებამდე.

ვერა ფაღავას ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი გრენობლის ხელოვნების მუზეუმში და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაშიც არის დაცული, რომლებიც საცავებშია და საექსპოზიციო სივრცეში ჯერ არ გამოფენილა.

ვერა ფაღავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. განისვენებს ლევილის სასაფლაოზე მშობლების გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.