ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული წერილები

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…”

„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო. ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხომ უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“, მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი. სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას.

ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე. ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში. ვიქნებოდი ასე 8-9 წლისა და ეზოში ვთამაშობდი.

„უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს. სამი მანეთი გაუწოდა იმან ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და1-2 პური მოგვყიდეო“. ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო ეზოში, ოღონდ ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეო“.

სათონეში გამიყოლა, სამი პური დაადო ერთმანეთს, ერთი ნაზუქი, მერე ავედით სახლში, ყველი ამოიღო დერგიდან, პომიდორი, კიტრი, ნივრის მწნილი. „მოდი შვილო, ბოთლი დამიჭირეო“, ერთი ბოთლი ქლიავის არაყი ჩამომასხმევინა. გავუტანეთ ეს ყველაფერი და მივეცით. „ღმერთმა ხელი მაგიმართოთო“, დალოცა ბებიაჩემმა.

გამოგვართვა ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და არ მიდის. დგას ასე გაშტერებული და დაჰყურებს საჭმელს. მერე შეხედა ბებიაჩემს, მერე მე შემომხედა, მერე სახლს. ბოლოს თქვა რაღაცნაირად, მოგუდულად, „ვისი ოჯახია ესო?“

„იასონ გიგაურისო“, თქვა ბებიაჩემმა ამაყად. მერე გადმომხედა და დაამატა: „როცა დალევთ ესა და ამის ძმაც მიდღეგრძელეთო“.

გატრიალდა ეს ბიჭი და წავიდა. ბებიაჩემიც სათონეში შებრუნდა. მე ვეღარ ვითამაშე, გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…

რამაზ გიგაური

სხვა სიახლეები

ბალეტის შავი მარგალიტი – ქართველი მოცეკვავე ჰოლივუდში

Editor

თანამემამულის მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯას გადარჩენილი ემიგრანტი, რომელმაც ჩილეში ქართული ქალაქი დააარსა 

Editor

“ცოტა რომ შევიცადოთ ,სამშობლომ ყველა ჩვენგანის ერთბაშად დაბრუნებას, შეიძლება, ვერც გაუძლოს“ – ქართველი ემიგრანტის მიმართვა 

Editor

რას წერდა ბარონ დე ბაი კახეთისა და გურიის რთველზე და ქართულ ღვინოზე

Editor

1920-იან წლებში ემიგრაციაში წასული ქართველის უნიკალური ბაღი კანადაში – “Abkhazi Garden”-ის ისტორია

Editor

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული დედაქალაქის ქუჩები

Editor