,,ქართულ კვირას“, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ,,მეტი დეველოპმენტს“ შორის, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა

მედიაპორტალი ,,ქართული კვირა“  საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია ,,მეტი დეველოპმენტ“-თან ერთობლივ თანამშრომლობას იწყებს. მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მედიაპორტალის კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და  ,,მეტი დეველოპმენტის“  გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ მოაწერეს.  მემორანდუმით მხარეები საკუთარ საქმიანობას ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებით წარმართავენ. ისინი ერთობლივად გაატარებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ქართველ ემიგრანტებთან და უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამშობლოში დაბრუნებას.  მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

,,დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი და ის კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან. ,,ქართული კვირა“ ყოველთვის მზად არის შექმნას საინტერესო პროექტები ემიგრანტებისთვის და ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვისთვისაც ამ ადამიანების ბედი მნიშვნელოვანია. მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია რამდენიმე პროექტი. ჩვენ შევეცდებით ერთობლივად ჩავუყაროთ საფუძველი წამოწყებებს, რომლებიც მიმართული იქნება ემიგრანტების, დიასპორების გასაძლიერებლად და მოიტანს მათთვის ხელშესახებ შედეგს,“- ამბობს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი.

მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთის მხრივ საჯარო სტრუქტურა და მეორეს მხრივ, კერძო კომპანია თანმხდებიან ურთიერთ თანამშრომლობაზე, რომელიც არის უაღრესად საჭირო ჩვენი ემიგრანტებისთვის. თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის შენება და მიზანია, რომ ჩვენს დიასპორას მხარი დავუჭიროთ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის, თანამშრომლობის ეს ფორმა და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ შედეგებს მოიტანს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ ქართულ დიასპორას სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, თურქეთის ქართველობის დახმარებას და მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული მიზნები გვაქვს, რომელიც ხელს შეუწყობს მათთვის ქართული ენის სწავლების გააქტიურებას.“

„ეს მემორანდუმი გახლავთ ძალზე სასიამოვნო შეთანხმება ჩვენს შორის, რომელიც გვაერთიანებს ერთი მთავარი ფასეულობით – გავუადვილოთ ყოფა ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და შევქმნათ ყველა პირობა მათი  საქართველოში დაბრუნებისათვის. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ჩავერთოთ ყველა იმ პროექტში, რომელიც ჩვენს ამ მთავარ ფასეულობას გამოეხმაურება.

ჩვენთვის, როგორც სამშენებლო კომპანიისათვის ამას ისევ და ისევ ფასეულობის დონეზე აქვს მნიშვნელობა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს აშენებულ სახლებში სხვებთან ერთად,  ის თანამემამულეებიც ცხოვრობდნენ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება ოცნებად გადაქცევიათ.

მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია და ჩვენი გრძნობები ორმხრივია – 2019 წელს კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მეტი დეველოპმენტი არის ის სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ემიგრანტები. ეს კიდევ უფრო გვიმძაფრებს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობას, ვაკეთოთ  ჩვენი ერთობლივი საქვეყნო საქმე.

ეს პროექტი ჩვენ უდიდეს სიამოვნებას მოგვანიჭებს და მადლიერები ვიქნებით, თუ შევძლებთ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ, ყოფა შევუმსუბუქოთ თუ საქართველოში დავაბრუნოთ,“- აღნიშნა ,,მეტი დეველოპმენტის“  გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.