ვინ იყო ფრანგი არქეოლოგი და სად ინახება საქართველოში გადაღებული ფოტოები

ფრანგი არქეოლოგი  ბარონ დე ბაი საქართველოში პირველად 1897 წელს ჩამოვიდა, მაშინ, როცა ციმბირის ორთვიანი მივლინებიდან მოსკოვში დაბრუნებული, მეგობარმა გრაფმა სერგეი შერემეტიევმა, საქართველოში, კახეთში დაპატიჟა. ამის შესახებ გაზეთ „ივერიაშიც“ დაწერეს:  „ამ ჟამად ტფილისში იმყოფება საფრანგეთის საერო განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი არქეოლოგი ბარონი დე-ბაი…“.

ბარონი კარდენახში რთველს დაესწრო. მერე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. საქართველოში სულ 2 თვე იყო. მეორედ ის 1898 წლის სექტემბერში ჩამოვიდა. კახეთში დაესწრო ალავერდობის დღესასწაულს. თავის მეგობარ ჰუგო კრაფტთან ერთად გაემგზავრა და დაათვალიერა ეჩმიაძინი. საიდანაც დაბრუნებულმა მოიარა შიდა ქართლი. ბარონ დე ბაი საქართველოში მესამედ 1899 წლის ივლისში ჩამოვიდა და  2 თვე გაატარა. გადაიღო ფოტოების სამი სერია: ტფილისში, სამტრედიასა და სალხინოში. მეოთხედ 1900 წელს ჩამოვიდა და ესტუმრა მცხეთას. 1901 წელს ჩამოსული ის  რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილეს დაესწრო. 1903 წელს ჩამოსული კი სოხუმში გაემართა, სადაც მას თედო სახოკია ელოდებოდა. ბარონ დე ბაი საქართველოს უკანასკნელად 1904 წელს ესტუმრა.

ამ წლების მანძილზე ის დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთლს და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეს მისთვის უჩუქებია თავისი სურათი ავტოგრაფით „ბარონ დე-ბაის. ილია ჭავჭავაძე. 1899 წ. ტფილისი“. სურათი ბარონს ჩართული აქვს თავის წიგნში. ილიას პირად არქივში დღემდე დაცულია ბაის ნაჩუქარი წიგნი „კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „პოეტს, პატრიოტს, ისეთი მშვენიერი ქვეყნის შვილს, სადაც მზე მუდამ კაშკაშებს. თბილისი, 1899 წლის 12 ნოემბერი. სოსიკო დე ბაი“.

ბარონმა პარიზში მრავალი ლექცია წაიკითხა საქართველოს შესახებ, გამოსცა წიგნები: “საქართველოში” (1898), “კავკასიონის ქედის სამხრეთით” (1899),”კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით” (1899),”თბილისი” (1900),”იმერეთში” (1902),”აფხაზეთში” (1904) და სხვა, რომლებშიც ასახა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებანი და ეთნოგრაფიული დაკვირვებანი, გამოაქვეყნა აგრეთვე საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე თქმულება და გადმოცემა. ფრანგულად თარგმნა ქართული ზღაპარი-ლეგენდა “მშვენიერება” (1900) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები.

საქართველოში ყოველი ჩამოსვლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული დე ბაი კონფერენციებს ატარებდა, სადაც საზოგადოებას მოგზაურობის დროს, მის მიერ გადაღებულ ფოტოებს წარუდგენდა და არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის გამოფენებს აწყობდა. გამოფენის დასრულებისთანავე კოლექციებს უსასყიდლოდ გადასცემდა საფრანგეთის სახელმწიფო მუზეუმებს. დე ბაი ყოველ წელს გამოსცემდა წიგნებს, რომლებშიც დაწვრილებით აღწერდა თავის ყოველ სამეცნიერო მივლინებას. ეს წიგნები უხვად იყო ილუსტრირებული ფოტოებით. დღესდღეობით საფრანგეთის სხვადასხვა არქივებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ბარონ დე ბაის მიერ რუსეთის იმპერიაში 1895-1910 წლებში მოგზაურობისას გადაღებული 1700-ზე მეტი ფოტოა დაცული.

2006 წელს პარიზის კე ბრანლის – ჟაკ შირაკის მუზეუმმა აუქციონზე ბარონ დე ბაის ფოტოალბომები შეიძინა, რომლებიც ფრანგი მკვლევრის მიერ 1897-1910 წლებში რუსეთის იმპერიაში მოგ ზაურობისას გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ფოტოებს შორის საქართველოში გადაღებულია 541 ფოტო, რომელთაგან 486 განსხვავებული კადრია. დანარჩენი კადრები კი მეორდება.

საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებაში დაცულია დე ბაის ფოტოკოლექციები, რომლებიც საქართველოში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. სულ 1319 ფოტოა.

მარნის დეპარტამენტის არქივში, ბარონ დე ბაის ფონდში, დაცულია ლურჯყდიანი გამოცემის ალბომი, რომელიც 64 ფოტოს შეიცავს, აქედან 60 ფოტო გადაღებულია საქართველოში 1897, 1903 და 1904 წლებში.

ბარონ დე ბაის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები ასევე აღმოჩნდა პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტში. 1920-იანი წლების ბოლოს დე ბაიმ თავისი პირადი არქივი საჩუქრად გადასცა პარიზში მდებარე წმინდა სერგი რადონეჟელის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და თეოლოგიის ინსტიტუტს, სადაც მუზეუმის გახსნა იგეგმებოდა. ვინაიდან მუზეუმი არ გაიხსნა დღეს ეს არქივი პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტშია დაცული. არქივი წარმოადგენს 17 საარქივო კოლოფში გადანაწილებულ რამდენიმე ასეულ საბუთს. აქ არის ბარონ დე ბაის მიმოწერა მეგობრებთან და კოლეგებთან, მისთვის ნაჩუქარი ფოტოპორტრეტები მიძღვნითი წარწერებით, სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული მდიდარი ფოტოკოლექცია და სხვ. აქ ასევე დაცულია დე ბაის მიერ საქართველოში 1897-1903 წლებში გადაღებული 164 ფოტო. საფრანგეთში, კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტოებიდან საქართველოში გადაღებულია 28 ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები