დღეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. ანდრია პირველწოდებული საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.

წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული, ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელითაც უამრავი სასწაული აღავლინა. სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

წმინდა ანდრია პირველწოდებული საბერძნეთის ქალაქ პატრაში, ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს მისი საქართველოში შემოსვლის, 13 დეკემბერს კი მისი აღსრულების დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.