ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, რომელმაც საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან იხსნა 

“სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია.სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ,მით უმეტეს დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა.  ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის“… “

ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:

ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში… ალბათ უმეტესობას არ სმენია მის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეიუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.

მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან.
გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებში… სენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო…

ზაფხულში მუცოსკენ მიმავალმა გზად ანატორის აკლდამებისაკენ შევიარე, ბილიკს დავადექი თუ არა ჰაერი დამიმძიმდა, ფეხები მომეცელა. ბავშვობაში ხშირად უხსენებია ბებიაჩემს ანატორის შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ან სულაც მეგონა, რომ ბავშვისთვის შესაშინებელი ამბავი მოიგონა-მეთქი.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ანატორის სასწაულთმოქმედ ხატს ერთ-ერთმა ანატორელმა (მამრობითი სქესის წარმომადგენელმა, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია ) უარყო და შუბი ესროლა, რის შედეგადაც ხატი დაზიანდა და საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს ანატორელებს შავი ჭირის სახით, რომელიც ძალიან სწრაფად მოედო მთელ მოსახლეობას.

სენისაგან დაავადებულთა დამმარხავი არავინ იყო, ანატორელებს სენი რომ არ განევრცოთ და მთლიანად ხევსურეთს არ მოსდებოდა, სოფლიდან მოშორებით, მდინარის გადმოღმა აკლდამები აუგიათ, ჭირით შეპყრობილნი გადადიოდნენ მდინარეს, წვებოდნენ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს, გარდაცვლილის ადგილს კი სხვა სნეული იკავებდა.

ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აკლდამების დარაბებში შევიხედე. დახოცილთა ძვლები ჯერ კიდევ აკლდამებშია მიმოფანტული, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

იცოდე, განწირული ხარ და ზრუნავდე სხვების გადასარჩენად, მოკვდე უპატრონოდ და მიხვიდე საკუთარი ფეხით აკლდამაში, დაწვე და დაელოდო სიკვდილს, მხოლოდ იმისათვის, რომ არ გაავრცელო ჭირი და დაიცვა არა მხოლოდ შენი რჯულის ხალხი, არამედ მთლიანად ხევსურეთი განადგურებისაგან

უსაზღვრო სევდა, უსაზღვრო პატივისცემა, უსაზღვო ტკივილი… აი, რა არის დღეს ჩემთვის და ყველა ხევსურისთვის ანატორი !

… ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი უმოწყალოდ მიმოფანტულ ძვლებს და უცრემლოდ დავიტანჯე…

შემოდგომას, შატილობის დღესასწაულზე მიმავალმა, გზად ისევ ანატორისაკენ შევიარე. ამჯერად სანთლით ხელში, სამწუხაროდ, ძლიერი ქარის გამო ვერ მოვახერხე სანთლის ანთება… ერთ-ერთ აკლდამასთან დავინახე ყვავილებისაგან მოწნული გვირგვინი, ალბათ ჩემსავით კიდევ ვიღაცას ასტკივდა გული.

როგორც შემდეგში გავარკვიე და შევაჯამე ინფორმაცია ამ დასახლების შესახებ, ჭირიანობის დროს ანატორის ერთ-ერთ ოჯახს ჩვილი ვაჟი დედულეთში გამოუგზავნია და ,საბედნიეროდ, ანატორელთა მოდგმას არ შეუწყვიტავს არსებობა. ასევე დავადგინე , რომ სისაურების შტო მოდის ანატორიდან მაგრამ შემდეგ ეს შტო იყოფა, რადგან ანატორის დასახლება აღარ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ ნასახლარები და აკლდამები, მდინარეზე გადებულმა ხიდმა ვერ გაუძლო საუკუნეებს და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ამჟამად არ არსებობს.

გადარჩენილ ვაჟს პირ-აქეთა ხევსურეთში გამოულაშქრია და ლიქოკის ჭალაში დასახლებულა, ხევსურეთში რომ ვაგროვებდი ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ გვარი ლიქოკელი სწორედ ამ შტოდან მოდის.

მოპოვებული ინფორმაცია, სანამ გადავწყვეტდი გამოქვეყნებას ძალიან ბევრჯერ გადავამოწმე, ინტერნეტში მოვიძიე მასალები, სხვადასხვა ვერსიები შევაჯამე და მაინც გადავწყვიტე, მცირედი ინფორმაცია, რაც გამაჩნდა თქვენთვის გამეზიარებინა. ალბათ ზედმეტია ხევსურების თავგანწირვისა და სულის სიმტკიცეზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ვკითხავთ ჩვენსავე თავს, თუ სად იბადება სევდა და სიამაყე ალბათ მისი სახელი ანატორია !

 გიორგი არაბულის პოემიდან: 

*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.
*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.
*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.
*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან.
და შემობერილ ნიავს.
თვალებით ეფერებიან.
*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით – სიჩუმე.
*
ამ წვრილ სარკმელში.
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.
*
მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და.
ძილი არ გვეკარება.
*
დედა ტიროდა:
“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”
*
ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.
*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.
*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.
*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.
*
რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.
*
ქალაქისოდენი ღამეა.
*
ჩემს სახლს ასტკივდა.
კედლები და ღია ფანჯრები.
*
ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო.
მკვდარსა და ცოცხალს.
*
მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.

 

თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები