“მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი” – გალაკტიონის მეორე ცოლი და 17-წლიანი სიყვარულის უცნობი ისტორია 

“ეს ნაწერი არ დაკარგო, ვინ იცის, რამდენად ძვირფასია და რაში გამოგადგება – ოქროს ინფორმაციაა. ბაღდათში ეს ქალი უკანასკნელი ცოცხალია ნინოს ნათესავებს შორის, რომელიც ასე ახლოს იცნობდა გალაკტიონს და ასეთი ამბების შემსწრე ყოფილა” – ასე იწყება რამდენიმე წლის წინ, ჩემს რვეულში გაკეთებული ჩანაწერი, რომელსაც მოსდევს ამბავი გალაკტიონის მეორე ცოლის, მათი სიყვარულის, პოეტის შესახებ ბევრი უცნობი ფაქტისა და მრავალი ლექსის დაწერის ისტორიის შესახებ. 

“მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა…” წერდა პოეტი ათწლეულების წინ. დღეს საქართველო გაზაფხულზე მოსული თოვლით შეხვდა პოეტის გარდაცვალების წლისთავს. ალბათ, სწორედ ამ ფაქტმა შემახსენა ძველ რვეულში ჩაწერილი ჩემი სტუმრობა გალაკტიონის მეორე ცოლის, ნინო კვირიკაძის ოჯახში. 

ვის ეკუთვნოდა პოეტის სიყვარული, ოლიას, მერის თუ ვინმე სხვას:

“გულში მწუხარებამ ღამე გაათია,

რომელი საათია, რომელი საათია”

ნოემბრის წვიმიანი ღამეა, ზუზუნებს ქარი, ვწრიალებ, ვერაფრით ვახერხებ დაძინებას, ხუმრობა ხომ არაა, ხვალ გალაკტიონის მეორე ცოლის, ნინო კვირიკაძის ნათესავი უნდა გავიცნო და მეტი შევიტყო „პოეზიის მოცარტის“ „მარტოობის ორდენის კავალერის“ ცხოვრების ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) უცნობი დეტალების შესახებ.

ბევრი რამ დაწერილა გალაკტიონზე, ბევრი კი კვლავაც უცნობია მისი მღელვარე ცხოვრებიდან, ან კი რა ამოწურავს გენიალური პოეტის ფენომენს.

მერი შერვაშიძე
მერი შერვაშიძე

ნეტავ, ვის ეკუთვნოდა გალაკტიონის უსაზღვრო სიყვარული – მერის, ოლიას თუ კიდევ ვიღაც სხვას – ვეკითხები საკუთარ თავს და დასაბუთებული პასუხი ჯერ ვერ მიპოვია.

როგორც იქნა, აღმართი ავიარეთ და პატარა ეზოს ჭიშკარიც ჭრაჭუნით გაიღო – ასე, 90 წელს მიტანებული ქალი შემოგვეგება. პოეტის მეორე ცოლის, ნინო კვირიკაძის ძმისშვილი – ნაზი კვირიკაძე აღმოჩნდა.

შინ რომ მიგვიპატიჟა და სტუმრობის მიზეზი გვკითხა, საუბარი ვერ აეწყო, მასპინძელი სიტყვაძუნწობდა. თუმცა, უნდობლობის ყინული მალევე გალღვა და ჩვენ შორის გულღია, საინტერესო საუბარიც წარიმართა…

 

გენიოსი პოეტის ცხოვრების ახალი, უცნობი ფურცელი გადაიშალა:

ნინოსა და გალაკტიონს ერთმანეთი 1916 წელს გაუცნიათ. მაშინ ბაღდათში კულტურული დაწესებულებები არ იყო, ამიტომ ახალგაზრდები სოფელ ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში იკრიბებოდნენ და ვახშმიან საღამოებს მართავდნენ. გალაკტიონი და ნინო ერთ-ერთ ასეთ საღამოზე შეხვედრიან ერთმანეთს. თურმე, იმ დროს  მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობდა, რომელშიც პოეტიც მონაწილეობდა.

ერთ დღეს ეკლესიის ეზოში გალაკტიონმა თვალი შეავლო უმშვენიერეს ნინოს, წამოიჭრა და აღტაცებით შესძახა თურმე: “ეს მშვენიერი მტრედი, ვინ მოფრენილაო“.  მიუბრუნდა ბაღდათელ მეგობარს, არტემ კვირიკაძეს და სთხოვა, გამაცანიო.

გალაკტიონი ეკლესიის ეზოში, საფლავის ქვაზე იჯდა, ხელში წიგნაკი ეჭირა და რაღაცას წერდა, როცა მასთან ნინო მივიდა. მოკრძალებით მიახლოვებია და უკითხავს, მართლა თქვენ ბრძანდებით გალაკტიონიო?

ამ დღიდან დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც მალევე სიყვარულშიც გადაიზარდა.

ერთ დღეს, ნინო სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, გვერდით გალაკტიონი მიყვებოდა. სიყვარულით მთვრალი პოეტი დასწვდა თურმე სატრფოს ნაწნავებს და ეამბორა. ჭორიკანა მეზობლებმა ეს ამბავი სოფელს მოსდეს და მალევე ნინოს გალაკტიონთან შეხვედრა ოჯახმა აუკრძალა.

გავიდა დრო, კვირიკაძეები დამშვიდდნენ, ნინომ ისევ დაიწყო საღამოებზე სიარული, მაგრამ გალაკტიონს ხმას არ სცემდა. მოიწყინა პოეტმაც და შეკრებებზე ლექსებს აღარ კითხულობდა. ერთ დღეს მეგობრები შეუჩნდნენ ნინოს, შეურიგდი და თან სთხოვე, ლექსი წაგვიკითხოსო.

პოეტი სცენაზე აჭრილა და მღელვარე ხმით დაუწყია: „ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ…“

ისევ ატყდა მითქმა-მოთქმა ნინოსა და გალაკტიონის შესაძლო ქორწინების შესახებ. საპატარძლოს მამა, დეკანოზი სიმონ კვირიკაძე, სასტიკ უარზე ყოფილა: „პოეტი და ისიც სმის მოყვარული, ოჯახს ვერ შეინახავსო“

გავიდა დრო, ნინოსა და გალაკტიონის გზები გაიყარა – „კვირიკაძეებს სასიძოდ განათლებული კაცი შეეძლიათ და ქალიშვილიც გაათხოვეს“. ნინოს მეუღლე, დავით ებანოიძე, მაღალი რანგის ოფიცერი იყო, ნინოს არ აკლდა ოჯახური სითბო და ფუფუნება. ოჯახი თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდა – ძერჟინსკის ქუჩის 5 ნომერში. წყვილს ორი შვილი ჰყავდათ – დავითი და ნუნუ.

ვერ იქნა და ვერ დაივიწყა თურმე გალაკტიონმა თავისი სიყვარული და ყოველმხრივ ცდილობდა, როგორმე მასთან შეხვედრა მოეხერხებინა. ერთხელაც ნინოს ნათესავ-მეგობრებისათვის მოუყრია თავი და შეზარხოშებული თავადვე გაძღოლია წინ, ებანოიძეების სახლისაკენ. ამ დროს ნინოს მეუღლეც შინ ყოფილა, უნახავს თუ არა მეუღლის ახლობელბი, ნინოსთვის დაუძახია:

_ გამოიხედე, შენი ახლობლები არიან. ვიღაც ნასვამი ვაჟიც ახლავთ, ამბობს, გალაკტიონი ვარო.

_უი, ეგ ჩემი ბიძაშვილი იქნება, აქ საიდან გაჩნდაო – წამოიძახა ნინომ და სტუმრების შესაპატიჟებლად გამოვიდა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა ახლობლებს შორის გალაქტიონ კვირიკაძის ნაცვლად, გალაკტიონ ტაბიძე შერჩა.  რა თქმა უნდა, ნინოს გაოცება არ შეუმჩნევია. ყველანი შინ შეიპატიჟა და მოსამსახურეებს სთხოვა, სუფრა გაეშალათ.

გალაკტიონი აღფრთოვანებული იყო, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე სვამდა, შემდეგ წიგნაკი ამოიღო და ლექსის წერას შეუდგა. ნინომ თვალი გააპარა და ამოიკითხა: “მოსამსახურეს ვაზა დაჰქონდა…“. მიხვდა ქალი, რომ პოეტმა იმ დღის სიხარული ლექსად გამოხატა. გვიან დაიშალნენ.

იმ დღიდან პოეტი ებანოიძეების ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა და მათი მეგობრობაც გაგრძელდა. ოჯახში პრობლემა არ შექმნილა – დავითს გალაკტიონი ცოლის ბიძაშვილი ეგონა. იმ დროს ნინო სტუდენტი იყო, სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ ფაქიზი ბუნებისამ ვერ აიტანა პრაქტიკული მეცადინეობების სირთულე და საბუთები იურიდიულ ფაკულტეტზე გადაიტანა. გალაკტიონი ყურადღებას არ აკლებდა ნინოს, ყვავილების თაიგულსაც ხშირად უგზავნიდა. ერთ დღეს ებანოიძეების ოჯახის ოპერის თეატრში წარმოდგენას უნდა დასწრებოდა.  ფოიეში პატარა ბიჭმა ნინოს იასამნების თაიგული მიართვა და თან უთხრა: „ეს ყვავილები გალაკტიონმა გამოგიგზავნათო“.

გასული საუკუნის 30-იანი წლები მრავალი საბჭოელი ადამიანისათვის მძიმე გამოდგა. 1937-მა წელმა უბედურება მოუტანა ნინოს ოჯახსაც – დავით ებანოიძე დაიჭირეს და დახვრიტეს, როგორც „ტროცკისტი“, ქვრივს ჩამოართვეს ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე სახლი და მთაწმინდაზე, ერთ ვიწრო ოთახში შეასახლეს (ბესიკის მოედანი, ნომერი 29).

დაიწყო მძიმე, უღიმღამო ცხოვრება. შეშინებულმა ნათესავ-მეგობრებმაც ზურგი აქციეს ოჯახს. დრო იყო ასეთი… არც გალაკტიონი ჩანდა. პოეტისთვისაც სისხლიანი აღმოჩნდა ეს წლები. რეპრესიებმა მისთვის ძვირფასი ადამიანები შეიწირეს – ოლია, ტიციანი, პაოლო… განსაკუთრებით მძიმე მეუღლის, ოლიას დაკარგვა იყო, რამაც საგრძნობლად შეასუსტა მისი პოეტური ენერგია.

ნინო და გალაკტიონი შეუღლდნენ. ეს იყო 1943 წელი.

 

ერთ დღესაც ის და ნინო შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, კარგა ხანს ისაუბრეს და საბოლოოდ, მათი შეხვედრებიც განახლდა. ნინო და გალაკტიონი შეუღლდნენ. ეს იყო 1943 წელი.

მაგიდაზე მიდევს სიძველისაგან გაყვითლებული მოწმობა, გალაკტიონისა და ნინოს ცოლქმრობის დამადასტურებელი დოკუმენტი:

”მოქალაქე ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე, დაბადებული 1892 წელს ვანის რაიონ სოფელ ჭვიშში და მოქალაქე კვირიკაძე ნინა სიმონის ასული დაბადებული 1897 წელს, დაქორწინდნენ… მოწმობა გაცემულია თბილისი კალონინის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ“.

ნინო საცხოვრებლად გალაკტიონთან გადავიდა. მისი ვაჟი, დავითი, ამ დროს მეათე კლასის მოსწავლე იყო, მოზარდმა არ მოიწონა დედის საქციელი და პროტესტის ნიშნად არც ნახულობდა და არც რაიმე სახის დახმარებას იღებდა მისგან. ეჭვიანი გახდა. გამწარებული ამბობდა თურმე: ორი კაცი რომ ლაპარაკობს, ასე მგონია, დედაჩემის საქციელის გამო დამცინიანო. მხოლოდ მოგვიანებით შეძლეს ახლობლებმა დედა-შვილის შერიგება.

ერთხელ თურმე ნინო და გალაკტიონი შოვში ისვენებდნენ და სანამ თბილისში დაბრუნდებოდნენ, გადაწყვიტეს, ბაღდათს სწვეოდნენ  – “კვრიკაძეების ბაღში საუკუნოვანი ცაცხვის  ჩრდილში სუფრაა გაშლილი, ოჯახი ქალიშვილსა და ძვირფას სიძეს მოელის. აი, გაჩერდა „პაბედაც“- დიდი ზეიმია კვირიკაძეების უბანში, თითქმის მთელი სოფელი შეყრილა.

სუფრაც ეხში შევიდა, ერთმანეთს ენაცვლებოდა „მრავალჟამიერი“ და იმერული სახუმარო სიმღერები. გალაკტიონი წამოდგა. მზერა საირმის მთებს მიაპყრო და საზეიმო ხმით დაიწყო:

„მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, როგორც მინდა_

ჩემთვის დიდებული

სხივი გამობრწყინდა

მკვიდრად ააშენა

ვინაც ააშენა

და ცით დაამშვენა

დიდი ნიკორწმინდა…“

კარგა ხანს ისმოდა ოვაციები, გალაკტიონს თვალები უბრწყინავდა. დღეს იგი არა მარტო ღვინით, სიყვარულითა და პოეზიითაც იყო მთვრალი. როცა ოვაციები შეწყდა, ნინომ ამხილა: ეს ლექსი შოვში დაწერა, მთლიანად მისი ფანტაზიის ნაყოფია, ნიკორწმინდა  თვალითაც არ უნახავსო“. კიდევ ერთხელ იქუხა ტაშმა.

გალაკტიონი კლვალაც ეშმაკურად უღიმოდა კვირიკაძეების კაცებს.

_ რაო, ძამიკო, კიდევ არ მოგწონვართ კვირიკაძეებსო?

_ მაგარი ხარ, გალაკტიონ, მაგრამ არ ქალი გაგვიტანებია ნაკლები, ბრწყინვალე იურისტიაო -უთხრა პოეტს ცოლის ძმამ.

_ თქვენი არ მიკვირს – ჩაეღიმა პოეტს – ნინოს იურისტობა რა სალაპარაკოა, კვირიკაძეები ყველანი იურისტები არა ხართო?! …

ამ დღეს გალაკტიონმა სიდედრს ექსპრომტად მიუძღვნა ერთი პატარა ლექსი, რომელსაც „მადლობა დედას“ უწოდა:

“მე ჩემს ნინოში გხედავ,

ჩემო ქართველო დედავ,

შენი ხელების კოცნას

სწორედ ამიტომ ვბედავ

ბევრნი გვყოლოდნენ მსგავსნი

ო, ნეტავ, ნეტავ, ნეტავ…“

გალაკტიონს უყვარდა სიცოცხლე, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილ კარდიოლოგს ეჩვენა, გული გამისინჯე, ვნახოთ ერთი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩენიაო. პროფესორმა გასიჯა და უთხრა, მე თქვენ კიდევ მრავალი ხნის სიცოცხლეს გიწინასწარმეტყველებთო.

ნინოსა და გალაკტიონს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირად პოეტი კარნახობდა ლექსებს, ნინო კი იწერდა. გალაკტიონი ურთიერთობაში ძალიან ხალისიანი იყო, უყვარდა იუმორიც.

ჩვენი მასპინძელი, ნაზი კვირიკაძე იხსენებს:

„ჩვენს ეზოში, ცაცხვის ქვეშ ვსხედვართ, ბიძაჩემმა უთხრა გალაკტიონს: მოდი, ჩემს ბიძაშვილ ეთერის გაურიგე ვინმე პოეტიო.

გალაკტიონმა გადაიხარხარა: ამხელა პოეტი  არ მოგწონდით კვირიკაძეებს და ვიღაც ახალგაზრდა პოეტი მოგეწონებათოო?

17 წელი იცხოვრეს გალაკტიონმა და ნინომ ერთად, ეს იყო ურთიერთგაგების, სიყვარულის, მეგობრობის დაუვიწყარი წლები. მთელი ამ ხნის მანძილზე პოეტს არ აკლდა ოჯახური სითბო, ჰყავდა მოსიყვარულე მეუღლე და ზრდიდა ნინოს შვილიშვილებს, რომლების საკუთარ შვილიშვილებად მიაჩნდა. არც მატერიალურად უჭირდა  – ირებდა ჰონორარს და ჰქონდა არც თუ მცირე ხელფასი. აიშენა აგარაკი სოხუმსა და წყნეთში, ჰყავდა მანქანა და ემსახურებოდა მძღოლი. თუმცა, მატერიალურ მხარეს მისთვის მნიშვნელობა არ ქჰონდა, მთავარი სულიერი გარემო იყო. ძალზე ღიზიანდებოდა, როცა სწორედ ამ სიმს შეეხებოდა ვინმე, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებშიც არ აკლდა პოეტს.

 

„გალაკტიონს თუ პოეზიით დათრობა აკლია, ზღვას ქვიშა ჰკლებია და ცას – ვარსკვლავებიო“

ნაზი კვირიკაძე იხსენებს: „გალაკტიონს 60 წლის იუბილეს უხდიდნენ. გამოვეწყვეთ მე და ჩემი ბიძაშვილები და წავედით. იმ დღეს მამიდა შეუძლოდ იყო და შინ დარჩა. საღამო ჩინებულად წარიმართა, მაგრამ პოეტი მაინც ნაწყენი ჩანდა. სცენაზე გამოვიდა ახალგაზრდა იოსებ ნონეშვილი, შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა, გალაკტიონი 60 ძირ მუხას შეადარა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გააფუჭა, როცა სიტყვები ასე დაასრულა : „ღვინით ნუ დათვრები, პოეზიით დათვერიო“.

იწყინა გალაკტიონმა, დატოვა ღონისძიება და შინ წავიდა. ჩვენ გვიან დავბრუნდით. მამიდა კარებთან შემოგვეგება და შეშფოთებულმა მკითხა, რა მოხდა, ასე ვინ გააბრაზაო. ჩვენც მოვუყევით.

„გალაკტიონს თუ პოეზიით დათრობა აკლია, ზღვას ქვიშა ჰკლებია და ცას- ვარსკვლავებიო“ – გაოცდა მამიდა.

გალაკტიონი არ იყო ბოღმიანი, წყენას გულში არ იტოვებდა, მაგრამ ძალზედ იწყინა შვილისტოლა  პოეტი ჭკუას რომ არიგებდა. მართლაც უყვარდა სმა, მაგრამ წესად ჰქონდა, წელიწადში ზედიზედ 4 თვე სასმელს არ გაეკარებოდა. ამ დროს მის კაბინეტში, საწოლ ოთახში, სასადილოში – ყველგან საუცხოო კანფეტები ეყარა და მას მიირთმევდა. საერთოდ, უყვარდა ტკბილეული.

_ ქალბატონო ნაზი, რაკი გალაკტიონის ტკბილეულისადმი დამოკიდებულება ახსენეთ, ხომ ვერ მეტყვით, რა უყვარდა ან რას ვერ იტანდა?

_ ბევრი რამ უყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად – პოეზია. ვერ იტანდა პერანგების გამოცვლას – სულ წუწუნებდა, „შემეშვით, მეცვას, სუფთაა. ისე ვარ შეჩვეული, თუ გამოვიცვლი, ასე მგონია, ლექსს ვერ დავწერო“

ჩვენც მთელი დღე ვეხვეწებოდით, გამოიცვალეო. ღიზიანდებოდა, მაგრამ მალევე მშვიდდებოდა.  წერდა და წერდა , თანაც ბავშვივით უხაროდა, “შეხდეთ, პერანგი გამოვიცვალე და მაინც ვწერო”. ეზიზღებოდა საპონი – ამ ოხერს ვერაფრით ვიცილებო. მაკრატელსაც ვერ იტანდა, ფსიქიკაზე მოქმედებსო, ამბობდა ხოლმე.

თავგადასავლების მოსმენა უყვარდა ძალიან. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს მეზობელ ვალიკო ფიფიასთან. ვალიკო მონადირე იყო და თავს ბევრი რამ გადახდენოდა. ერთ დღეს, ბაღდათში ყოფნისას გალაკტიონმა მამიდას უთხრა – ჩვენმა ვალიკომ ისე დამაინტერესა, მგონი, დროა, პოეზიას შევეშვა და ტურგენევივით მონადირის ჩანაწერები შევქმნაო.

 

 

იმ ღამეს ორი სტიქია ბობოქრობდა – ბუნება და პოეზია

ცოლის ნათესავებს შორის გალაკტიონს ნაზი ჰყვარებია ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ ამიტომ მიჰყავდათ ხშირად დასასვენებლადაც.

ნაზი კვირიკაძის მეხსიერებას კიდევ ერთი საინტერესო მოგონება შემორჩა:

„ იმ წელს სოხუმში ვისვენებდით, სასტუმრო „რიწაში“ დავბინავდით, რადგან პოეტს ამ ქალაქში ჯერ არ ჰქონდა სახლი. ბნელი ღამე იყო, ნაშუადღევს გაწვიმდა, მალე გრიგალიც ამოვარდა, ზანზარებდა თითქოს დედამიწა. შიშისგან აკანკალებული საბანში ვიფუთებოდი. უცებ ცის გრგვინვას ვიღაცის ხმა შეუერთდა -„ ოჰჰ… ჰოოოჰ… ჰოოო“

მამიდა  პერანგის ამარა შემოვარდა ოთახში: „ადექი, ნაზიკო, გალაკტიონი აივანზეა, არ გადავარდეს, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროსო.“ კაბა მოვიცვი და გარეთ გავვარდი. ვხედავ, გალაკტიონი დაყრდნობია მოაჯირს, კისერი წაუწვდენია და მთელი ხმით გაჰკივის _ „ოჰჰ…ჰოოჰ… ჰოო…“.

ხელი ჩავკიდეთ, დავუყვავეთ. მივხვდი, იმ ღამეს ორი სტიქია ბობოქრობდა – ბუნება და პოეზია.

_ კარგი რა, გალაკტიონ, წამოდი, ბავშვი შეშინდა, ცოდვაა, ტირისო – უთხრა მამიდამ.

პოეტი გამოერკვა, სახე დაუმშვიდდა, ოთახში შემოგყვა და თავზე ხელი გადამისვა.

_ რამ შეგაშინა, ბიძიკო?! ბუნებას შევეხმიანე, სხვა არაფერიო.

ერთ დღესაც როცა ნაზი სანაპიროზე მჯდარა, მიუახლოვდა თურმე გალაკტიონი, მომეხმარე, მე და შენ ამ მშვენიერ ზღვას ლექსი უნდა მივუძღვნათო. სწორეს ამ დროს დაიწერა:

„მშვენიერი აფხაზეთის ცა და ზღვა,

როდის, როდის, როდის იყო სხვა და სხვა,

ოდეს სცემენ ნაპირს მძლავრი ტალღები,

მე წარსულის დარდით არ ვითალხები.

გემზე ისმის მეზღვაურთა ხმაური,

გემს მოჰყვება მრავალი მოგზაური,

უფრო შორს კი იალქანი ქანაობს,

ვერხვის ფოთლის მსგავსახ სხივში ბანაობს…

გამოჩნდება ზღვაზე ნაზი თოლია,

ის სარკეზე თითქოს თეთრი თოვლია;

საღამო ხანს მიყვარს მე ზღვის ნაპირი,

სად კენჭებში მიდის გზა პირდაპირი.

ყოველი დღე ბრწყინავს, როგორც ცისკარი,

ქალაქის ბაღს აშრიალებს ზღვის ქარი.

ოქროს ფერფლში ფერის ფერში გასავლა

ასეთია მშვენიერი აფხაზეთის მზის ჩასვლა.

გალაქტიონმა ეს ლექსი ქალბატონ ნაზის აჩუქა. მისთვის ასევე უსახსოვრებია 1948 წელს, სოხუმში გამოცემული ლექსების კრებული „ზღვა ახმაურდა“, რომელსაც პოეტის მინაწერი ამშვენებს: „ჩემს ნაზიკოს, გალაკტიონი“. მეორე წიგნზე კი ლექსად წაუწერია:

„ჩემო ნაზიკო, წიგნით ამითა

შემოგტრფით მე და შენი მამიდა.“

 

 

პოეტის ცხოვრებას კურიოზებიც უხვად ახლდა თან. ქალბატონი ნაზი იხსენებს:

„მაშინ სტუდენტი ვიყავი, გათხოვილი გახლდით და შვილს ველოდებოდი. მინდოდა, საბუთები დაუსწრებელზე გადამეტანა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ნება არ დამრთო.  გადავწყვიტე, განათლების მინისტრისათვის მეთხოვა დახმარება, რა თქმა უნდა, გალაკტიონის იმედი მქონდა. იმ დროს მინისტრი თამარ ლაშქარაშვილი გახლდათ – მე, გალაკტიონი და მამიდა წავედით მასთან. მამიდა მანქანაში დარჩა.  ქალბატონი თამარი ფეხზე წამოდგომით მიესალმა პოეტს… ყველაფერი მარტივად მოგვარდა. პოეტმა და მინისტრმა დიდხანს ისაუბრეს.  კიბეებზე რომ ჩამოვიდოდით, გალაკტიონი მე მომიბრუნდა:

_ „ბიძიკო, ასეთი საქმეები „მაყარიჩის“ გარეშე არ იქნებაო“.

_ მაგრამ  მე რა შემიძლია -მეთქი.

_ შეგიძლია, შეგიძლიაო – გაიღიმა. უკან მომყევი და მამიდასთან არ დამასმინოო. სამინისტროს უკანა კიბეებიდან გავიპარეთ, შედევით ღვინის მაღაზიაში. გალაკტიონმა  ათმანეთიანი მომცა – „ხვანჭკარა მიყიდეო.

ნელ-ნელა გამოსცალა, წამოვედით, წინა კიბეებით გამოვედით შენობიდან და მამიდას კითხვაზე, ასე რატომ შეგვაგვიანდა, მე ვუპასუხე – რიგი იყო-მეთქი. მამიდა შეკითხვას შეკითხვაზე მისვამდა, უკვირდა, რატომ ჩააყენეს გალაკტიონი რიგში. მე ვაგრძელებდი მის მოტყუებას, გალაკტიონს კი ულვაშებში ეღიმებოდა.”

გალაკტიონს, თვითონ უშვილოს, ძალიან უყვარდა ნინოს შვილიშბილები, განსაკუთრებით მარინა. როცა მარინა გაჩნდა, გალაკტიონი შეუჩნდა ნინოს: ნუნუ სპორტსმენია, ბავშვს ვერ მოუვლის და ჩვენ წამოვიყვანოთო. ასეც მოიქცნენ. პოეტს ძალიან უყვარდა მარინა და მეტსახელად კაკინას ეძახდა. გოგონას წერა-კითხვაც კი გალაკტიონა ასწავლა და სკოლაშიც პორველ დღეს სწორედ მან წაიყვანა. იმ დღეს შვილიშვილს პოეტმა ლექსიც დაუწერა:

„მარინა, მარინა, ა,

რა ლურჯად კამკამებს  ცა,

მარინა, მარინა, ე,

რა წყანარად შრიალებს ტყე,

მარინა, მარინა, ო,

იმღერე, შენია დრო,

მარინა, მარინა, უ,

რარიგად მეძახის რუ“

იმ დღეს, როდესაც ტრაგედია დატრიალდა, გალაკტიონს ჯიბეში კაკინას ნაჩუქარი წიგნაკი აღმოაჩნდა, სადაც პასუხად წარწერაზე „სახსოვრად ჩემს საყვარელ ბაბუას, მარინესაგან“ – პოეტს მიუწერია:

„წიგნაკო, წვათ რიგს შენ განმარიდე!

მიგზავნის ამ წიგნს ჩემი მარინე“ – 1959 წლის იანვარი.

პოეტს არ უყვარდა, მის შემოქმედებას ორ ეტაპად რომ ყოფდნენ.  „ჩემს შემოქმედებაში არავითარი ორი პერიოდი არ არსებობს, ეს სულ მტრების მოგონილიაო“- ამბობდა ხოლმე.

გალაკტიონს უყვარდა ახალგაზრდობა და ახალგაზრდებსაც უყვარდათ პოეტი. ჯგუფ-ჯგუფად დასდევდნენ, რაც ბავშვივით ახარებდა პოეტს-“ამგენმა ყველაზე უკეთ იციან ჩემი ფასიო“.

 

„ადგილი არ აღმოჩნდა“

ავადმყოფი გალაკტიონი სამკურნალო კომბინატში მიიყვანეს, მაგრამ პოეტისათვის „ადგილი არ აღმოჩნდა“. უყურადღებობით განაწყენებული პალატიდან პალატაში დადიოდა ჩანთით და პაციენტებს ვინაობას ეკითხებოდა. უმრავლესობა ვაჭრობის სფეროში დასამქებული , ფულიანი „ბობოლა“ აღმოჩნდა, გალაკტიონმა მწარედ ჩაიცინა: „სწორად უთქვამთ, ჩემი ადგილი თქვენთან არ არისო“.

_ რაკი გალაკტიონის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა გკითხოთ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ვერსია პოეტის თვითმკვლელობის შესახებ?

_როგორ გეკადრებათ! მას თავი არ მოუკლავს ! პოეტს უზომოდ უყვარდა სიცოცხლე. იმ დროს გალაკტიონი ხშირად ავადმყოფობდა. ეს უბედური შემთხვევა იყო და არა თვითმკვლელობა. მსგავსი რამ სხვა დროსაც მოხდა, მაშნ გადარჩა. უბარლოდ იმ დღეს, შალვა დადიანით შეწუხებულებს ყურადღებიდან გამორჩათ გალაკტიონი და… ტრაგედიაც დატრიალდა.

_ძალიან ბერი დაწერილა და თქმულა გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას ურთიერთობაზე, მაგრამ ცოტა – ნინოზე. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?

მას პასუხი არ გაუცია, ადგა და კარგა ხანს იქექებოდა ძველი ფოტოებითა და ჟურნალ-გაზეთებით სავსე უჯრაში. ბოლოს ერთი ჟურნალი ამოაცალა და გამომიწოდა.  ეს გახლდათ ჟურნალ “მომავალი ექიმის” 2002 წლის ნომერი:

„გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, შეწუხებულმა იმაზე ფიქრით, რომ ქალბატონ ნინოს არავინ ახსენებდა, მას კი უამრავი ინფორმაციის მოწოდება შეეძლო, ვთხოვე ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდნეტს, თამარ კიკვაძეს, წამყოლოდა ქალბატონ ნინოსთან და ინტერვიუ აეღო. შინ ვეწვიეთ. ძალიან გაუხარდა ჩვენი ხილვა, მაგრამ ინტერვიუზე უარი გვითხრა: „მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ყველაზე მაღლა ეროვნული გრძნობები იდგა. მამაჩემმა, დეკანოზმა სიმონ კვირიკაძემ მიანდერძა, ისე არ გამეტარებინა ჩემი ცხოვრება, რომ ერისათვის რაიმე კარგი არ გამეკეთებინა. გალაკტიონის გვერდით დგომით ნაწილობრივ მაინც შევასრულე მამის ანდერძი. ჩემთვის მთავარი ესაა და მეს სხვა არაფერი მაინტერესებს“- გვიპასუხა ქალბატონმა ნინომ და გვაგრძნობინა, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა. გულდაწყვეტილი დავბრუნდით, თუმცა ქალბატონი ნინოს, როგორც გალაკტიონის მეუღლის ავტორიტეტი ერთიორად გაიზარდა ჩვენს თვალში“- ეწერა პედიატრიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის, ეთერ მამუკელაშვილის წერილში.

ჭეშარიტად ბუმბერაზი უნდა იყო ადამიანი, რომ ახალგზარდობაში განსჭვრიტო ის, რაც ხანში შესულს რეალობად გექცევა:

„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკენლი

როგორც ყვავილი შემოდგომის,

ხშირად პირველს სჯობს“

თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები